ამოცნობა არსებისა


ოო სიკვდილი მოდის მოდის,
მოდის როგორც შავი მტვერი,
ცას ედება მხუთავი ხმა
და ველური თვალის ფერი…
აწყვდიადევს არე-მარეს 
აიმ ლანდის ცხელი ხვნეშა,
მისმა ხილვამ თვით ჩანჩქერიც
ერთ ადგილზე გააშეშა…
მოდის მაგრამ როგორ მოდის,
გაგიკვირდეს უნდა თანაც,
რისთვის მოდის ვერ გავუგე
ამ კოშმარულ ამოცანას.
აი ვხედავ, ვხედავ ვისთან,
გამეღიმა რაღაც ძალით
და განვეწყვე შესახვედრად
სიკვდილისთვის წრფელი სახით.
ის მოვიდა, შავი ცხენით,
ბნელ და მძიმე ორთქლს აფრქვევდა,
ჩამტვრეული ნიღბის უკან
ჩონჩხის ქალას ჩემკენ სწევდა,
მე წარბიც კი არ შემხრია,
ვკითხე მოგწონს ეს ჩანჩქერი?
სანამ შენ აქ მოხვიდოდი
მას სხვაგვარი ჰქონდა ფერი!
ახლა სულ მთლად გაფერმკრთდა, 
და შენს უკან ტირიფს დახე,
არაფერი აღარ უგავს
იმას რაც მე გუშინ ვნახე…
გინდა კიდევ გესაუბრო?
ღირს კი შენთან დროის კარგვად?
გასწი გასწი შორს სიკვდილო,
ნუ იქეცი უცხო გვალვად,
კოშმარეულ მოგონების
მსურს არ მქონდეს რამ საერთო,
გამეცალოს! გამეცალოს!
მე მოგმართავ თხოვნით ღმერთო...
ვინ ისმინა ჩემი გმინვა...
ვინ აუბა სიტყვებს მხარი...
მის მაგივრად ამოუშვა
საზარელი ხმით ხარხარი.
ხმას ორთქლივით ასდიოდა,
გაფერფლილი კვამლის კვალი,
მთებს ამტვრევდა კედლის პირებს
ბოროტების მწველი ალი.
- გსურს გაექცე, მაგრამ არა,
შენც მოკვდავის გიდგას გული,
ვერა ხედავ რომ ჭრილობებს
კვლავ ამჩნია მძიმე წყლული.
მე სხვა მიზნით მოველ შენთან
მსურს გადმოგცე ნება ღვთისა,
შენ დარჩები აქ ამ ქვეყნად
სანამ ფრთები გაკრავს მზისა.
ეგ ჩანჩქერიც, რომ გაშეშდა
ან მაგ ტირიფს რომ უყურებ,
როცა წავალ, მზე მაშინვე
მათ სიცოცხლეს დაუბრუნებს.
ნუ ინაღვლებ ცრუ მსჯავრის წინ,
განკითხვისთვის შენ არ ღირხარ,
ბნელეთმაც და სამოთხემაც
ზუსტად იცის შენზე ვინც ხარ!
- ნუთუ მხოლოდ ამ სიტყვისთვის
გამოგგზავნა ჩემთან ღმერთმა?
ვერ გავიგე ეგ წერილი,
ამით ღმერთს რა უნდა ეთქვა?
რომ მოკვდავის მანტია მაქვს,
რომ წყლულები კანში მრჩება,
და ერთ დღესაც ეს სხეული
შავ ქვიშაში გაქვავდება?
- ყური მიგდე, ამას შენც გრძნობ,
რომ რჩეული სული გიდგას,
შენც ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ
ახლა კი სურს რომ ეს გითხრას:
მოიწია ბნელმა ძალამ,
მისი სუნთქვა გულ-მკერდს მგლეჯდა,
მაგრამ უცებ, ის ბაცი ხმა
ყურში მდორედ ამიმღერდა.
ჩემში რაღაც შეიცვალა,
სულ სხვა ვინმედ ვიქეც მაშინ
და მზის ფრთები მხრის ტორტმანით
აიშალნენ მაღლა ცაში.
მივიხედე ჩანჩერს ახლა,
მოჩუხჩუხე ფერი ედო
და იმ ტირიფს წინათ დამჭკნარს,
ლურჯი კვირტი გამოეღო.
მოვტრიალდი, მთებს გავხედე,
მთებს სიმწვანე მხრებს უთბობდა,
ის ლანდი კი  სწრაფი ფრენით
ნათელ სხივებს გაურბოდა.
მე ვიდექი როგორც მგზავრი
და შემთხვევა ფიქრში მხვევდა,
თან იმ მზისგან ნაჩუქარ ფრთებს
ლურჯი ფერიც რკალად სდევდა,
ლურჯი ფერი, ლურჯი ფერი,
პოეტურად ხილვა მზისა,
მე მავსებდა ენერგიით
ამოცნობა არსებისა.
ამ სამყაროს სულ სხვა ძალა
მართავს, ვიცი, უკვე მივხვდი,
ეს ძალა კი გონებას და
სხეულს შორის არის ხიდი.
მაგრამ მისი აღმოჩენა,
ითხოვს ძლიერ ძლიერ ტანჯვას,
დამცირებას, ღალატსა და
დალურსმნულ ხის  ჯვარზე გაკვრას.
ამის შემდეგ სიცოცხლეა
და სიმღერა გამარჯვების,
ნუ მოიკლავთ გულში რწმენას
აღდგომის და განახლების!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი