ირგვლივ ლურჯი პირველობს


ირგვლივ ლურჯი პირველობს და უხილავ კავშირებს
აბამს როგორც მიჯნურთა ცეცხლი გაჩაღებული,
ჯერ სიკვდილი არ მინდა, ჯერ სიკვდილი მაშინებს,
მინდა ბავშვურ ოცნებებს ვყავდე გატაცებული.

მინდა ლურჯი მაისის ფერთა ფარულ ფანდებში,
ლურჯი ფრთების ფთქრიალით გადავლახო სამყარო,
მინდა თვალებს ჩავხედო გულწრფელობით თვალებში,
მინდა კიდევ მესმოდეს რომ ანგელოზსს ჰგავხარო.

თავგასული სიზმრების დრო აღარ მაქვს ვამთავრებ,
ზეცა თავის სიდიდით მითმობს ღვთიურ ტახტრევანს,
რომ დაფნის მაქვს გვირგვინი, რომ სასახლეს ვაშენებ,
რომ სიცოცხლე კვლავ მოსდევს მჯერა გარდაცვალებას.

მესმის რეკავს ზარები, როგორ მელოდებიან,
რომ ტაძრებში გალობენ ანგელოსთა დასები,
რომ სიყვარულს მაჩუქებს პოეზიის ვნებიან
სტრიქონებში გაბმული ია, ვარდ - ზამბახები.

ვიცი, მჯერა ქალწულთა მორთულ - მოკაზმულობით
და იმ ლურჯი შადრევნის ლაღი აღმაფრენითა,
პოეზიის მეჯლისზე გრამის შეუცდომლობით
ვადღეგრძელებთ საუფლოს ღვთიურ ნეტარებითა.

და ბოჰემურ ჰანგების ლურჯი სიმფონიებით,
ჰყვება ზეცის ზარები სიყვარულის ბალადებს,
რომ გადმოსცემს ელვარე საფირონთა მძივები,
ძვირფას ფერთა სხივების გაბრწყინებულ ქარაგმებს.

და ვერხვებში გაბნეულ მოციმციმე მაისებს,
გადაფენილ ფარდების ფერში ვეალერსები,
მე სიკვდილი არ მინდა, მე სიკვდილი მაშინებს,
ღმერთო სხვაგან გაუშვი ალესილი რელსები.

დადუმებულ სარკმლიდან დილა ლანდად მევლება,
მევლანასთან დალანდულ ლამის მილის მისვლაზე,
მოსჩანს ჩარდახებიდან ჩამტვრეული ვედრება
და პირჯვარის უკუღმა გადაწერა წირვაზე.

აქეთ ნისლი მატულობს, მამტრევს ძვლების ძირამდე,
მტანჯავს ცივი ქარები უკვე დიდი ხანია.
ვიცნობ ადამიანებს კუბოს კარის ფიცრამდე
ნდობის მძიმე უღელი როგორ მიუტანიათ.

მაცხოვარო ამნაირ ჭიდილს თითქმის ვეჩვევი,
ვფიქრობ ავზე და ნაცვლად კეთილ საქმეს ჩავდივარ
და მოვარდნილ დემონებს ლალის ჭიქით ვერევი,
ღმერთო გადამარჩინე ვიბრძვი და გავყვირივარ.

საუკუნე ჩამდნარა, საათები ძვირსფასობს,
რაც არ მოგვწონს ყველაფერს ფარდა ჩამოვაფარეთ,
მე როგორღაც შევძელი შეგხვედროდით ძვირფასო
თქვენ კი ნაცვლად ნუგეშის, ნეკნი ამომაცალეთ.

გალურჯებულ ნაპირებს დაჰკრავს ფერი სხვაგვარი
და ზანზარებს ზარები სადღაც ციურ მხარეში,
სამრეკლოებს გაჰკივის გლოვა გლოვის მაგვარი
და გუგუნებს ტაძრები ლოცვის სიმხურვალეში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი