შეხედეთ თვალებს
შეხედეთ თვალებს, ცისკრის ვარსკვლავებს, ვით ციმციმებენ სიყვარულისგან, გაღიავებულთ როგორც ალმასებს და მიტოვებულთ მწვავე ფიქრისგან. თვალებს შეხედეთ, აიმ მთვლემარე ლანდთა მორევში როს დასცურავდა, ახლა ის ოხვრა და მძიმე ღამე, დასრულდა, მორჩა, წარსულს ჩაბარდა... ოო იგი ლურჯი ზღვაურის ახლოს, ძალიან დიდხანს ებრძოდა ჰანგებს, მონაქროლს შორი ტალღების კალოს და აცრემლებულ ცეცხლთა მყინვარებს! თან ინახავდა თავისთან დიდხანს, მდუმარე ფიქრის ფოთლიან ქარებს, ახლა ის ოხვრა და მწარე სევდა, გაჰყვა ობლობით ნათევ ღამეებს... და დარჩა წრფელი სურათი მისგან, თუმცა სხვაგვარად ნაქსოვ ნაქარგი, და მის ბავშვობის დღიურს სახელად ჰქვია “ტანჯვაში გაზრდილი ბარგი”. თუმც ახლა იგი სხვაგვარად უმზერს, დროის ჟამთაცვლას და გრილ ჭილოფებს და სადღაც მუხის სარკესთან ფრთხილად, ივარცხნის თმებს და იშრობს ჭრილობებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი