ღამე


ახლა ღამე სულს მიკაწრავს
და ვერაფრით ვერ ვიძინებ,
იქნებ წერამ შემეშველოს,
გამიქარწყლოს დარდი იქნებ...
ბნელ ჩიხებში მეგებება,
მოგონების სავსე შარა,
დღეს, ამ ღამეს ყველა დარდმა
ერთიანად დამიარა.
და სინანულს აეკიდა
სინანულის მთელი რთველი,
ვიცი მწარედ რომ დავმარცხდი,
გამარჯვებას აღარ ველი...
მაგრამ მაინც, ო  ამ ღამეს,
რად დამატყდა თავს ტკივილი?!
ვერც რომ ლექსით ვეღარ ვშველი,
ვერც ლოცვით და ვერც ქვითინით...
გათენდება, გადამივლის
როცა ცაზე მზე ინათებს
და ეს ღამეც დამთავრდება,
გაიხურავს ღამე კარებს,
გათენდება, და სხივები
ჩემს კელიას გაანათებს,
ალბათ აღარ ავტირდები
ძლიერ თუ არ გამაწვალებს.
მაგრამ მანამ, მე ამ დარდით,
უნდა ვიყო გათოშილი?
ახლა ღამე სულს მიკაწრავს
და არ მოდის ჩემთან ძილი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი