გაზაფხულია და მაინც


გაზაფხულია და მაინც
თოვლია და ავდარიო,
ბებია ხშირად კითხულობს 
როდის გამოდის დარიო?
გადმოთოვლილმა მყინვარმა 
ჩამარაზინა კარიო,
ბაღში ყვავილი გამიხმო,
ბუხარში ჭკნება კვარიო...
ალალ-მართალი მითხარი, 
მომწყინდა ცივი ქარიო, 
გადამეღალა თითები
ასქროლვა-ჩასქროლვაშიო, 
თუ მესტუმრები ინატრე,
ჩიხირთმა გინდ ბოზბაშიო,
გინდა ხაჭაპურს დაგიცხობ 
სავსე მაქვს კიდობანშიო,
ამ საუბარში დედაჩემს 
ბრაზი ერევა ხმაშიო,
ამის მომგონი ყინული 
დაგვირჩა მაცივარშიო,
გამოიფიტა კარადა 
ცეცხლი ჩაგვიქრა ჭრაქშიო, 
ეტყობა ისე ჰგონია 
როგორაც არის ჯარშიო!
ბაბუაჩემიც იცინის 
მოგიხდებოდა მარშიო,
სტრაევოს დაგინიშნავდი 
შიგ შუა ყაზარმაშიო!
არც მამაჩემი რომ აკლებს 
აყოლას საუბარშიო?!
როცა დადიხარ ოთახში
ზანზარი გაგაქვს კარშიო, 
შიში მაქვს, არ ჩამივარდე,
ანაზდად იატაკშიო...
ახ ჩემო თავო ვიძახი 
სარკე არა გვაქ სახლშიო? 
სასწორს თუ დავეკითხებით 
არ დამირჩებით ვალშიო, 
მოგიწევთ დიდხანს ლოდინი 
ჩემი დიეტის ცდაშიო,
მხოლოდ ბებიას ეკუთვნის 
ჩემგან ქება და ტაშიო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი