იმღერე


იმღერე… როცა ტკივილი მოვა,
თუ დაეცემი, მაინც იმღერე!
იმღერე თუკი დარდების გროვა,
აგაწრიალებს, ისევ იმღერე!

იმღერე მაშინ, თუ სიყვარული,
აგიყვავილებს თვალებს, იმღერე!
გულით იმღერე! დაე შენს გრძნობებს,
აჰფოთლებოდეს ფრთები, იმღერე!

იმღერე მძაფრად, თუ დამარცხდები…
თუ მიგატოვეს, მაინც იმღერე!
იმღერე ბედი თუ ჩაიხლართა,
ცრემლი მოგადგა? კიდევ იმღერე!

იმღერე მშვიდად, დაე ნუგეში,
იყოს სიმღერა, და შენც იმღერე!
იმღერე გულით და მღელვარებით,
ცას აწვდენილი ხელით იმღერე!

მე ამას გეტყვი, ჩემო ძვირფასო,
როგორც არ უნდა დაჭკნეს სიბერე,
იმღერე შენი გულაჩვილობით,
იმღერე ჩუმად… ჩუმად იმღერე…

თუ ვერ დაწერე კარგი ლექსი ან
სხვისი სიმღერა გადმოიწერე,
ნუ მოიწყენ და ნუ დანაღვლდები,
შენც ადექი და შენი იმღერე!

იმღერე, როგორც არ უნდა იყო,
სადაც არ უნდა იყო, იმღერე!
მხოლოდ ერთსა გთხოვ, ნუ გაჩუმდები
და რამდენიც გსურს, მიდი, იმღერე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი