არაფერი არ იცვლება


გადის ხანი, არაფერი არ იცვლება…
დრო ჭრილობებს მარილს აყრის,
გარეთ მზეა, ქარი ტყემლის ფოთლებს აბნევს,
უცნაური ლოდინი მაქვს ავდრის.

თითქოს გული, საგულედან მომწყდა,
მზე ვარსკვლავთა სამდურავზე ფიქრობს,
ვზივარ ბაღში, ყვავილები სად არიან?!
ყვავილებიც გამხმარია თითქოს…

ახლა? ვიღას ვუალერსო ისე,
რომ ნაღველი არ გადავდო მასაც,
საკმაო აქვს სევდაცა და დარდიც
იმ მთვარესაც, იმ უძირო ზღვასაც…

მაგრამ არა, გამოსავალს ვეძებ!
და პეპლების ნაზი ფრთები მართობს,
დამავიწყდა, კარგად როცა ვიყავ,
ახლა მისგან, არაფერი მახსოვს…

ჩურჩულით და თვალთა უხმო ენით,
ვმუსაიფობ კატასთან და ძაღლთან,
ასე ვფიქრობ, რომ მათ უკეთ ესმით,
ის რაც ვერსგზით, ვერ შევძელი ხალხთან…

გადის ხანი, დამძიმებულ დარდით,
ხსნა კი ისევ, არსაითგან არ ჩანს,
მე როგორღაც შევეჩვიე ტკივილს,
მაგრამ ფიქრი კვლავ თავიდან მწამლავს…

და თუ ბედი, სასწაულის ძალით,
კვლავ მატარებს მე ბედნიერ გზებზე,
აღარასდროს დავიჩივლებ ვფიცავ,
არაფერზე, არაფერზე, არაფერზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი