მონათესავე ხმები


არა, არ ვკარგავ იმედს,
დილას ღიმილით ვხვდები...
მეგებებიან გზაში,
მონათესავე ხმები,
იანვარია მაგრამ
მთებს არ აკლია სითბო,
შენგან ტკივილის გარდა,
მსურს სიყვარულიც ვიგრძნო...
დავბორიალობ ისე,
თითქოს არც ვიყო არსად,
ჩარჩენილი მაქვს მკერდში,
ვეებერთელა მასრა...
მაინც არ ვკარგავ იმედს!
ჯერ ხომ ადრეა გლოვა,
წამსვლელი მაინც წავა,
ვერ შეაჩერებს თხოვნა...
იბორიალებს ისევ,
შეუცნობელი ლანდი,
არ დაითვლება არა,
ადამიანში დარდი...
მაგრამ რაც უნდა მოხდეს,
მარტო არასდროს ვრჩებით,
მწამს არსებობა ღვთის და
მონათესავე ხმების.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი