მდუმარე ტუჩებს
მე შენს მდუმარე ტუჩებს ვუამბობ როგორ დაობლდნენ მთები... აწ და მარადის, უძირო ზღვასთან, ლოდინისაგან... გადამტვრეული ფურცლების გვამებს, ვაკვირდებოდი, თუმცა ამაოდ შენს გადაორთქლილ სხეულზე და ხო იასამანზეც ვფიქრობდი მაშინ... მოვალ! მოგიტან ვარდებს... და შენს უმანკო თვალებს, ვუამბობ როგორ დაობლდნენ მთები... ააწრიალებს სულს ზამბახები, ხეთა დამსხვრეულ გრიგალში ისევ, დასეტყვავს ზვარებს თოვლთა ძაფები, გადირევიან გზები უკვალოდ, ჩამოიშლება ზღვათა კალთები, დაილექება ლავად მიდამო... თუნდ წალეკილა მთელი სამყარო, მე უკანასკნელ ამოხვნეშამდე მემახსოვრები! და თუ ეს არის ბოლო, დანებდი გრიგალს, შიში ვერ გიხსნის, ფუჭად ჩაივლის ხელების ქნევა... დანებდი გრიგალს? ასეც ვიცოდი... აი ახლა კი ვუამბობ მაგ შენს, მძიმე ხვნეშისგან დაორთქლილ თვალებს, მდუმარებისგან როგორ დაობლდნენ მთები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი