დაღამდა


დაღამდა. ყოველი საგანი სიჩუმემ
შთანთქა და წყვდიადის გააღო კარები,
ზარები რეკავენ და მდორედ სილურჯემ
დაუშვა გვირილით ნაქარგი ფარდები.

აფრები აუშვეს, გუგუნებს ნაღარა,
ცისფერი თვალებიც ელვარებს ველურად.
ათასი ამბავის მთქმელია ჭაღარა,
მსმენელი რომ ჰყავდეს საბრალოს მეგზურად.

დაღამდა, მღვრიე ცას ვუცქერ და ვიღიმი.
ბინძური ღრუბლების გავჰყურებ ნახატებს,
სარჩევად რომ იყოს ამ ქვეყნად  სიკვდილი,
მე ალბათ ტაბიძის ავირჩევ ნაკვალევს.

სიჩუმე მატულობს და მინგრევს ოცნებებს,
ტალღებით დატეხილ ტივის ვარ მპოვნელი.
დიდებით შემოსილ ღმერთებს და ქალღმერთებს,
მოსაწვევს ვუგზავნი დუელის მთხოვნელი.

და მაინც სიგარეტს ბოლომდე ვეწევი,
ვინ იცის? იქნება დამთანხმდნენ ერთხელაც,
ირიბი ფიქრების მორევში ვექცევი,
ვაი და მომიგონ დუელი ღმერთებმა.

ზღაპრების უკუღმა მწერალმა ვარდები
და კიდევ ტიტები უცრემლოდ გაცელა
დაღამდა, გონება იღვიძებს მთქნარებით
და სულმა სხეული ბოლოჯერ გაწელა.

სამსჯავსოს გასული წლებივით მივყვები,
სულეთში ვიმოყვრებ ლოთსა და დარდიანს.
ჟანგიან ფილტვებში ჟანგბადის მძივები,
დამილპა და ახლა საგულეს მაცლიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი