ყავის ფინჯანში ნალექებით ნაშენებ ბუდეს
ყავის ფინჯანში ნალექებით ნაშენებ ბუდეს და მის გარეთ კი მოხატული ლიანდაგები, ეჰ მეგობარო დროზე გეთქვა „სჯობსო გაჩუმდე“ ეხლა კი ათას უაზრობად ნუ მელანდები... გარეთ მაისის ლურჯი ფერი ხეებს მოუცავთ, იქვე ფესვებთან მოხვევია ყვავილს ყვავილი. და ქალბატონო რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ, განსაკუთრებით მაშინ როცა თმა გაქვთ გაშლილი. როგორც ლუთერი ან შეშლილი ვინმე სოკრატე და მეც მათგვარად საკუთარ თავს ვესაუბრები, როცა ვხედავ თუ ძველ ტილოზე როგორ მოხატეთ, როგორ მოქარგეთ შემოდგომის მზესუმზირები. აღარ მაოცებს ჩამავალი მთვარის სხივები, აღარც ველური კანონების უცხო ჟამთასვლა, მე ის მაკვირვებს, ღმერთო ჩემო ხვალ ვინ ვიქნები? ის ვინც წარსულში ვიყავი თუ ის ვინც ახლა ვარ? დღეები დღეებს ემატება ძველი დროიდან და კვლავ ნაცნობი მეგობრებიც გამოიცვალნენ, გუშინ რომ თოვლი ჩამოცვივდა მწვანე ფოთლიდან დღეს იმ ადგილზე გვირილები წამოიზარდნენ. მშველებლად ცისკენ მიპყრობილი ლურჯი თვალები და ჯამის ფსკერზე წვიმის წყალი წითლად ასხია, ღმერთთან მივედი თავდახრილი და ნამთვრალევი, მღვდელმა კი თავის სასახლიდან გამომაქცია. „კლოუნი უფრო ხშირად ტირის ვიდრე მოზარე“ ამბობდი ლაღი ღიმილისგან არც ისე შორი, მახსოვს ჭადარში გახვეული თთოლვარე მთვარე და ტბის ზვირთებზე მოსეირნზე გედთა ამბორი. და გეფიცებით თუ მინდოდეს წვეთის დალევაც თქვენ კი გგონიათ ყველა ლოთი არის შეშლილი და მაპატიეთ ჩემო კარგო თუ გაწყენინეთ, და ბოდიშს გიხდით რომ მოგწერეთ მთვრალმა წერილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი