ოჰ ისე მიყვარს მწვანე ნისლის უღვთო გენია


ოჰ ისე მიყვარს მწვანე ნისლის უღვთო გენია
და მის ძარღვებში მოფარფატე წყვილთა ამბორი,
ვწევარ და ვფიქრობ, რომ სამყარო სამკუთხედია,
მე კი მის ფსკერზე მომღიმარი ტუტანხამონი.
ნება და ნება ალივლივებს ფოთლებს ნიავი,
შრიალი დაშლილ ოქროს თმათა მირევს გონებას
და კვლავ მავიწყებს ეს უღმერთო კალმის კნიავი,
რომ ოცდაათი მონეტაც კი ჰბაძავს ქონებას
აღარ დამთავრდა ოჰ უღმერთო ხალხთა გნიასი,
აღარ დამთავრდა მწვანე კვამლის ჰანგთა გენია.
ჯანდაბას! კიდევ ჩამოასხი, კიდევ მეზღაპრევ,
ჩემს გონებაში რაც კი ხდება მშვენიერია...
ვხედავ გიჟ ლორენს, გუინპლენს და დარტყმულ კარენინს,
ახალ ყლორტებზე ამოკაწრულ გულის ყვავილებს
და დაატარებს გაცრეცილ ფარნით მეზღაპრე,
ვერ გადაკითხულ, ნამტირალევ ქალის წერილებს.
და ისე მიყვარს მწვანე ნისლის ჰანგთა გენია
და ტბის ზვირთებზე მოსეირნე გედთა ამბორი,
ვწევარ და ვფიქრობ, რომ სამყარო სამკუთხედია
მე კი მის ფსკერზე მომღიმარი ტუტანხამონი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი