ფარული ფანდი


ფარული ფანდი ფარავდა ფიქრებს,
ფერადი ფიფქი ფიფქებზე ფიქრობს,
ვერნაყვავილევ ნამტირალ იებს,
დედის ცრემლები ადვილად იცნობს.

გალესილ წვიმას დაჰქონდა დარდი,
აპრილის ლურჯი ოცნების გზაზე
და იდგა ობლად დაჭრილი ვარდი,
დაჭრილი ვარდი ეკლებით სავსე.

დაჰქონდა ზეცა გვირილის ფერებს,
ნაფერებ სიტყვებს ახშობდა წვიმა,
ფარული ფანდით, დაფარულ ფიქრებს,
ფიფქების გარდა ვერავინ მიხვდა.

და გულის სარქველს, ნაჭდევით სავსეს,
კემსავდა დილა დაღალულ სახით,
ნავერყვავილევ იასამნებზე,
წერდნენ და წერდნენ უბრალო კალმით.

დავთარში მშვიდი სიზმრები მეწყო,
ალალაგ რუხი სჭარბობდა ვარდებს,
შიშველი მზისგან ყვითელი ეზო,
უკითხავს ჩრდილში ეზოპეს ზღაპრებს.

ფარული ფანდი ფარავდა ფიქრებს,
ფერადი ფიფქი ფიფქებზე ფიქრობს,
ვერნაყვავილევ ნამტირალ იებს,
დედის ცრემლები ადვილად იცნობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი