სიყვარულის საკინძე
ბალღი გულქვეშ იცინოდა, წითელ ლოყებიანი, კეცზე მჭადი წიწკინებდა, ფშკერის ფოჩებიანი. კართან ახლოს, ჩვენს ეზოსთან, იდგა მღვრიე მათარა, წინადღინდლის ნამუსრევი, დილამ შემომახარა. ხოდა შემომაყარა ვით ნაღვეური ოდიდან, საახალწლოდ ღვინო მასვა სტუმარს გაღმა სოფლიდან, ნამთვრალევი, ფეხკორჯობით, კოდმე-კოდმე ვიარე, სანამ სახლში მივბარბაცდი რა არ გამოვიარე. ხან ძაღლების ჯგრმულში ყეფა, ხან მეზობლის ქოთქოთი, აქეთ თოვლის ფიფქთა თქვეფა გულში ალიაქოთი. ერთხანს ხის ქვეშ ვიყურყურე, ცივ ჯარგვალში ველურად, სიცივის და სითბოს გრძნობა სულ მთლად გადამეწურა. ვხედავ გზის პირს, პირმზის მსგავსი, ვინმე ქალი ეულად, ოქროს თმების შარიშურით ჩემკენ გამოეშურა, გამინათდა თვალი ბროლის გახდა დასაფიცარი, ვთქვი ღმერთია ან ხატია, მისი მსგავსი ვინ არის? რა დროს ახლოს მომიგულა, ამხედა და დამხედა, კი ვიცანი, მაგრამ უკვე გვიან იყო გაქცევა. შენ ცეცხლი და შენ ნავთი და შენ მდუღარე დალიე, ჩემი თოთო დედოფლობა შენს დევნაში გავლიე! ამიბურძგლდა გულში ცეცხლი, შუბლს ამვიდა თვალები, ერთურთს ფრთებით ეხვეოდნენ წითელგულიანები. შემოვნასკვე წელზე ხელი, ვუთხარ ნუ მიჯავრდები, მე შენს გარდა ხომ იცი რომ არვის მივეკარები. წავიწიე მისკენ ფრთხილი, ვნების ალში ვიწვოდი, თუ კოცნას არ მაღირსებდა წინასწარ რა ვიცოდი. ვუტრიალე აქეთ-იქით, თავს დამეხვა რეტის ძალა, ხოდა თოვლში ამოვბრუნდით მე და ჩემი ესმერალდა. და მოვხსენი გულის სარქველს სიყვარულის საკინძე, აღარც მცივა, აღარც მათოვს და არც ქალი მამძიმებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი