აგარაკი
გიორგი აღნიაშვილი აგარაკი სახლი შევიძინე სააგარაკოთ, აქვე თბილისთან ახლოს. ყოფილი პატრონები ყველაფერს ყიდდნენ, საზღვარგარეთ აპირებდნენ თურმე გადასახლებას, ხო გადასახლებას, ფული სჭირდებოდათ მომავალ ევროპელებს. ავეჯ-ჭურჭლიანად შევიძინე ეს შესანიშნავი კარმიდამო და ძვირიც არ გადამიხდია. ძველი ნაგებობა შემომეგება, აი ბელეტაჟს რომ ეტყიან ხალხი ისეთი. ქვითკირის კედლები ამოეყვანათ მიწის ზედაპირიდან და ისე „შეეკრათ“ პირველი სართული. მარანი და რამდენიმე ოთახი იყო იქ. მარანში დიდრონი საწური ქვევრი შუაში ჩაედოთ, უფრო პატარები კი გარშემო შემოეყოლებინათ ბარტყებივით. ძველი ნივთები ერთ კუთხეში მიეწყოთ და ასე მიეტოვებინათ. პირველი სართული ოთახებსც შევავლე თვალი. ძველებური ქართული აგურით იყო იატაკი დაგებული. თითქოს მაჭარის სუნი მეცა. კუთხეში მიყუჟულ მოზრდილ მუხის კასრს ასდიოდა ალბათ. მეორე სართულზე კიბეს აუყევი. ხის კიბეს ფიცარში ამოტვიფრული ლამაზი ორნამენტებით დამშვენებული მოაჯირი მიჰყვებოდა. ეტყობა ლაქიც არ დანანებია ყოფილ პატრონს ისე გაეპრიალებინა ხის ზედაპირი. მეორე სართულის შესასვლელი კარი შევაღე, შუშაბანდი შემომეგება ახალ მასპინძელს. ოთხივე ოთახის კარი ღია დაეტოვებინათ „ნიავმა გაუაროსო“ ასე გადაწყვიტეს სხვის ცას დანატრულმა ჩვენმა თანამიწიერებმა ალბათ. ძველი ავეჯი იდგა ოთახებში. ‘ბუფეტი“ მასპინძლობდა დიდ ოთახში და კუთხეში დიდრონი გაჭვარტლული ბუხარი პირღია შემომყურებდა, თითქოს „შენ მაინც გამწმინდეო“ მევედრებოდა ქვაში და აგურში დატანსრულებული ოჯახის „თბილი“ მოჭირნახულე. ბუხრის გვერდით ვიდრე „ბუფეტამდე“ სამლოცველო ჰქონდათ მოწყობილი. ხატები კედელს „შეხორცებოდნენ“, წინ პატარა მაგიდა დაედგათ და პატარა სასანთლეები ჩაემწკრივებინათ გვერდი-გვერდ. ლოცვების წიგნები ელაგა მაგიდაზე მტვრის საბურველში გახვეული სრულიად. ბუხრის მეორე მხარეს, სარკმელებს შორის კედელზე ხალიჩა გაეკრათ ძველებური წესისამებრ და ქვეშ აკვანი დაედგათ. ოთახის ცენრში მუხის პირქუში მაგიდა ჯერაც მყარად იდგა „მესტუმრედ უხუცესის“ ურყევი ხიბლით. ყველა ოთახი შემოვიარე, საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი იქ. ისევ დიდ ოთახს დაუბრუნდი, გარეშემო მიმოვიხედე და ახლაღა შევამჩნიე შუშაბანდში გასასვლელი კარის თავზე ხის დირე იყო გადებული, ნიშან-ორნამენტებიც ამოეკვეთათ მის სხეულზე. შუაში ჯვარი იყო გამოსახული, ჯვრის ქვეშ აკვანი, ჯვრის თავზე მზის „ბორჯღალი“, მარჯვენა მხარეს სანთელი და მარცხენა მხარეს კი წიგნი ამოეკვეთა ოსტატს. არსად მინახავს მსგავსი ნაკვეთი, არც მსგავს განლაგებას წავწყდომივარ სადმე. ბუხრის გვერდით წმინდა კუთხეს მივაშურე ისევ. გადავწმინდე ხატები, სასანთლეებსაც შევავლე ხელი, რუდუნებით მოვაშორე იქაურობას ჯერაც ხელუხლებელი მტვერი. შესანიშნავი იყო უკვე გასუფთავებული ოჯახის სალოცავი. ფარდის ქვეშ შეყუჟულ აკვანს მივეახლე ახლა, ფარდა ავხადე სიცოცხლის საგალობლის მდუმარედ მომღერალს. ეტყობოდა ზუმფარით გულმოდგინედ გაწმინდათ მისი „ტანი“ და შემდეგ ლაქით დაუფარავთ მისი სხეული. ჩემი ოჯახის წევრების ყიჟინა შემომესმა გარედან, ჭიშკარს მოსდგომოდნენ და კარებს აღებდნენ ჟრიამულით ბავშვები. ჭრიალით მამცნო სტუმრის შემოსვლა ეზოს კარიბჭემ. ბავშვები ოთახებში დარბოდნენ, მოსწონდათ იქაურობა, ძველებურ საწოლებზე დახტოდნენ და ტახტსაც დაურღვიეს მყუდროება. მეუღლემ ცოცხი და აქანდაზი მოიმარჯვა, დიასახლისის ხელი დაატყო იქაობას. არც მე დამტოვა გარჯის გარეშე, ჯერ შეშა შემომაზიდვინა, ავეჯიც მიმალაგებინა თავის ჭკუაზე და სამზარეულოში მიკრა თავი „ხორცი დამიჭერი და სადილს გავამზადებო უცებ“ თვალნი მწყაზარნი შემომაფეთა კიდევაც თანამეცხედრემ. მზე უკვე ჩადიოდა. პირველი ღამე უნდა გაგვეთია ახალ სახლში ოჯახს. მობილური ტელეფონი აწკრიალდა.სახლის ყოფილი მეპატრონე მირეკავდა. „გესტუმრებითო ცოტა ხნით, არ შეგაწუხებთ, ისე წავალთო მალევე“, დასტური მივეცი, მანქანიდან კონიაკის ბოთლიც ამოვიღე და ამაყად დაუწყე სტუმრებს ლოდინი. მზე უკვე ჩასულიყო, მთვარის სანახებში ვარსკვლავნი კეკლუცოდნენ, მყისიერად ცას გადაჰკრავდა მანათობელი და ალბათ ასე კოცნასაც უგზავნიდნენ ერთურთს. ეზოს კარებს მოადგნენ სტუმრები, მორიდებით შემობრძანდნენ სახლში. ორი მოხუცი ახლდათ თან. მხცოვანი ქალბატონი ყოჩაღობდა მკლავს აშველებდა მოხუც მამაკაცს . . . - ბატონო გიორგი, მოგვიტევეთ, ალბათ უდროო დროს შეგაწუხეთ. . .ხვალ მივფრინავთ საზღვარგარეთ და ჩემი დედ-მამაც თან მიგვყავს. ნება გვიბოძეთ, გთხოვოთ . . . ეს მოხუცები ჩემი მშობლები არიან, ისინიც თან მიგვყავს და მთხოვეს იქნებ უკანასკნელად ლოცვის უფლება მოგვცენო ჩვენს ოჯახში . . . მომიტევეთ . . . - რა საკვირველია . . . არაფერი გადამიადგილებია . . .მხოლოდ მტვერი გადამწმინდე ხატებს . . .ლოცვანიც კი იქვე დევს . . . მდუმარედ მიუახლოვდნენ წმინდა კუთხის წინ მდგარ მაგიდას მოხუცი ცოლ-ქმარი, ლოცვანი გადაშალეს და ოჯახისთვის სავედრებელი ღვთისმშობლისადმი ლოცვა დაიწყეს . . .ორივეს ხელთებყრა ანთებული კელაპტარი და ისე განაგრძობდნენ ლოცვას . . .მძიმედ წარმოსთქვამდა სიტყვებს ძიაკაცი, ხელჯოხს ეყრდნობოდა ხშირად, სათვალის მინაზე ალი კიაფობდა, სანთლისაგან ადენილი წყნარად, თითქოს მომეჩვენა, ემშვიდობებოდნენ ამ სახლს და კერიას მარად, ვინ იცის რამდენი სიხარული მის კედლებს შეახიზნეს თავად. ბავშვები მდუმარედ ატუზულან, იქვე კარებთან, ბრდღვიალა თვალებით ციმციმ შეჰყურებდნენ ლოცვას . . . რაღაც აჭრიალდა, უცხო ხმა დაირხა, აკვნისკენ გავიხედე . . .აკვანი ირწეოდა თავად. გავოგნდი . . . ახლოს არავინ იყო, რომ მეფიქრა ხელი შეახოო ალბათ, აკვანი წყნარად, მშვიდი აკორდებით ნელა ირწეოდა, წყნარად. შიში დამეუფლა, მეუღლეს შევხედე, გაფითრებულიყო ქალი. . . - ბატონო გიორგი, მადლობას გიხდით მოთმინებისთვის - მშვიდად მომიგო მოხუცმა კაცმა - ჩვენ სამუდამოდ მივდივართ ამ ქვეყნიდან, შორს, ძალიან შორს . . . ამ აკვანს გაუფრთხილდით . . . დედაბოძის მაგიერია ის ოჯახში, სიცოცხლის პირველმწეა და ბალღის სითბოთია გაჯერებული. ხანდახან სანთელი მის ტანზეც აანთეთ, ისიც ხომ ოჯახის წევრია, ოღონდ სხვანაერი . . .თქვენი ოჯახის ბედნიერებისთვისაც ვილოცეთ, მადლი გწეოდეთ დედა ღვთისმშობლის . . . მალევე წავიდნენ სტუმრები. ჭიშკრის კარები გადავკეტე და სახლში ამოვედი . . . რაღაცნაერად მიღიმოდა ცოლი, მერე ხელით ხატებისკენ მიმითითა . . . ჩემი უფროსი შვილი ხატის წინ დამდგარიყო და . . . მირონი სდიოდათ ხატებს . . .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი