წერილი დედას
გიორგი აღნიაშვილი წრილი დედას ვიცი ნაწყენები დარჩით „ ორი კვირით ჩამოხვედი და ისევ გაიქეცი 20 წლის უნახავი შვილიო“ - მითხარით. ალბათ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ნუ შეეცდები ჩემი საქციელის ახსნას. არც თანადგომას გთხოვ და არც სიბრალულს. ამ წერილით მინდა აგიხსნა ჩემი საქციელი. მე მანდ უცხო ვარ. როცა წავედი ოცი წლის ყმაწვილკაცი ვიყავი, ყველაფერს იმედით და ოპტიმიზმით ვუყურებდი. მეგონა საწადელს მივაღწევდი ჩემი ნიჭისა და ენერგიის წყალობით. მე სამ ენაზე თავისუფლად ვსაუბრობდი, ვთარგმნიდი, ვწერდი და . . . ამ ცოდნით საზოგადოებრივი ტუალეტის დამლაგებლად „დამაწინაურეს“ . თქვენი სახელოვანი შვილი ხუთი წელი ამ „თანამდებობაზე“ წარმატებით შრომობდა. ჰო, ესეც არის რომ სხვა სამსახურიც ვიშოვე და ფულს ვშოულობდი, ვაგროვებდი და ოჯახში ვგზავნიდი. მერე აქაური სკოლაც დავამთავრე, სახვადასხვა კურსები გავიარე და ჩემი ემიგრანტობის მეშვიდე წელს სარკეში რომ ჩავიხედე პირველად აღვითქვი საკუთარი თავი ადამიანად. ის წლები კი გაფრინდა. იცი რა მახსოვს? ის რომ მხოლოდ მოგონებებით ვცხოვრობდი, რადგან რეალობა ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. როცა ჩემს ძმებთან ერთად სუფრაზე დავსხედით შენ ზეპირად იცოდი ვის რა კერძი მოსწონდა, იცოდი მათი მანერები და მხოლოდ მე ვიყავი ამოუცნობი ქარაგმა. მორიდებით მიღიმოდი დეე, არ იცოდი როგორ მომქცეოდი. ჩემი ძმების სიხარულიც ალბათ ნახევარი საათში ჩაეტია. მე უცხო ვიყავი თქვენთვის. ჩემს ისტორიას ვერავის მოგიყვებოდით. რითი მეამაყა? საქართველოში ორმოც წელს გადაცილებული კაცი დავბრუნდი ოცი წლის ჭაბუკის ისტორიით. ჩემმა მეგობრებმა თითქოს გული გამიხსნეს, მაგრამ მათთვის მე მხოლოდ ახალგაზრდობის მოგონება ვიყავი და ისიც რამდენიმე წუთში ჩეატია. იმ საღამოს მივხვდი რომ უკვე სხვა ვიყავი. ორი კვირის თავზე საქმეები მოვიმიზეზე და დავბრუნდი. აქ მე ბიზნესმენი მქვია. საინტერესოა რომ სამშობლშიც და აქაც ემიგრანტად დავრჩი. ჩემი ადგილი მანდ უკვე აღარ არის. აქ თავიდან დავიბადე ადამიანად ისტორიის გარეშე. თავად შევქმენი ჩემი პიროვნება და ვერასოდეს ვიტყვი რომ წარსულიდან მოვდივარ მეთქი. აქაც მახსენებენ ჩემს „ გმირულ ეპოპას“, იუმორით შეფუთულ გესლს მესვრიან და მეც ასევე ვპასუხობ. დღეს მე თავად ვარ დამსაქმებელი. მაგრამ ქართული იერის და წარმომავლობის გარდა ყველაფერი დავკარგე. ასეა და გთხოვ მკაცრად ნუ განმსჯი. დეე გთხოვ ეს წერილი მამას და ჩემს ძმებს არ აჩვენო . . . და კიდევ სიყვარული დამრჩა ქართული. ფული გადმოვრიცხე და მამაჩემისთვის მანქანა გამოვგზავნე, მინდა რომ ბედნიერი იყოს . . . იცი „შე მამაძაღლოო“ რომ შემომძახებდა ისიც მომენატრა . . . ჩემი შვილები ამაყობენ ქართველობით, მაგრამ ქართული არც ერთმა არ იცის. საკვირაო სკოლაში მინდა მივიყვანო, აქ კარგად ორგანიზებული ქართული დიასპორა გვყავს და სკოლაც არის. მანდ ყველას გადაეცი რომ ჩვენ ემიგრანტები აქ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას წარმოვადგენთ, ჩვენ დროებამ შეგვქმნა და ნუ უარგვყოფენ, რადგან ჩვენ ჩვენს სულს ორივე ხელით ვებღაუჭებით რომ გაუცხოვებამ ესეც არ ამოგვგლიჯოს სხეულდან და არ გავცარიელდეთ. ემიგრანტების ადგილი აღარ არის საქართველოში? ხანდახან მგონია, რომ სამშობლომ ამოგვგლიჯა თავის წიაღიდან. აქ ეკლესია გვაქვს სადაც ვიკრიბებით ემიგრანტები. ვერ წარმოიდგენ როგორ გვიხარია ერთმანეთის ნახვა, რომელიმე ჩვენთაგანის უმნიშვნელო წარმატებაც კი ზეიმის საბაბი ხდება, ხანდახან ჩვენვე ვიგონებთ ისტორიებს მეგობრებზე, ოჯახზე, რომ თუნდაც ამ უვნო ტყუილით საკუთარი მიწაზე ჩვენი ფესვების ილუზია მაინც შევინარჩუნოთ. დედა არ იტირო გთხოვ. მე ხომ შენი ცელქი ბიჭი ვარ დეე. ნახვამდის. შენი შვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი