ნარკომანები


ახალგაზრდობა სერფინგზე სრიალს მაგონებს.
ძარღვებში ველური სისხლი გიჩქეფს. თვალებში გიზგიზა ცეცხლი იწვის. ფეხებში მაიმუნის მოქნილობა გამჯდარა, ხოლო ვეფხვის ალესილი კბილები გიმშვენებს პირსახეს.
უდარდელად დაასრიალებ ზღვაზე, არც ვეება ტალღებში შეჭრას ერიდები. შენ უბრალოდ შეუპოვარი ხარ და ყველა წმინდანზე მეტად გწამს ღმერთის — ოღონდ ეს ღმერთი თავად ხარ.
არავისგან ითხოვ განდიდებას, რადგან ეს არ გჭირდება. არავინ გიწერს ცხრილს, თუ როგორ უნდა იცხოვრო, როგორ უნდა ისუნთქო. შენი მორალური ზღვარი იქ მთავრდება, სადაც მისი დასასრულია.
ყველაფრით უკმაყოფილო ხარ და ეს ძალიან მოგწონს.
ხანდახან საკუთარ თავს ეკითხები
 -  როგორ შეიძლება ერთდროულად ყველაფერზე და თან არაფერზე ვიყო დამოკიდებული?
როგორ შეიძლება ერთდროულად სუფთაც ვიყო და ბინძურიც?
კეთილიც და უკანასკნელი ახვარიც?
ღმერთიც და სატანაც?
როგორც არ უნდა იყოს, შენს თავს მაინც ეთაყვანები. მასზე ლოცულობ და არქიტექტორიც ხდები, რომ ქალაქის ცენტრში უშველებელი სალოცავი ააშენო, შესასვლელში კედელზე წარწერით — „უცოდველი ცოდვილი“.
შიგნით კი ხატავ ფრესკებს შენი გამოსახულებით. მაგალითად — როგორ ეწაფები ვისკის შენს მეგობრებთან ერთად, როგორ „პარაოზივით” ექაჩები სიგარეტს, როგორ ითრევ ფეხს სიმთვრალისგან, როგორ გაგიტაცებს ქალის დემონური ეშხი და ამ დროს ეკლესიის ზარის მაგივრად ვეფხვის კბილებს ააკაწკაწებ.
სალოცავს განდიდების გამო კი არ აშენებ, არამედ საკუთარი საქმეების ზეიმისთვის. შიგნით შეიძლება სხვაც შემოვიდეს, მაგრამ არც ამას აქვს შენთვის მნიშვნელობა.
საერთოდაც, არაფერი განაღვლებს. ხანდახან გინდა ყველაზე მაღალ შენობის თავზე ახვიდე და ღრიალით გადმოსძახო სამყაროს:
ფეხებზე მკიდია!
როცა ვამბობ, რომ არაფერზე დარდობ, ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას არ ვგულისხმობ.
ცნობისმოყვარეობა — სწორედ ის არის სათავე და მიზეზი, რის გამოც ადამიანები ნარკოტიკზე დამოკიდებულნი ხდებიან.
როცა სერფინგზე დაქროდი, მაღალ ტალღაზე ასვლისას არწივივით ზვერავდი გარემოს. გაინტერესებდა, მოკვდავნი რას მიედ-მოედებოდნენ.
და ერთ მშვენიერ დღესაც ნარკომანს მოჰკარი თვალი. შენ რომ თვალებში ცეცხლი გიღვიოდა, მას ჩავარდნილი ჰქონდა. გაქუცული ტანისამოსითა და გამხდარი, აკანკალებული ხელებით იჯდა პლიაჟის ყველაზე ბნელ მხარეს, სადაც ჩრდილი იყო, და ანთებულ სანთელზე კოვზით რაღაცას ხარშავდა.
ღირსების განუზომელმა შეგრძნებამ იჩინა თავი:
რა ვქნა? მივიდე მასთან? ჩემნაირ ქმნილებას რა ესაქმება ასეთ უბადრუკთან?
ჭოჭმანობდი, ფიქრობდი — და გული მაინც მიგიწევდა. ჰოდა, მიხვედი.
რადგან გული ყველაზე აღმატებულ ღირსებაზეც კი ძლიერია.
ნელ-ნელა მიუახლოვდი. არ ჩქარობ.
გზა და გზა გახსენდება რჩევა-დარიგებების არქივი, რომელიც ერთ დროს შენთვის კეთილისმყოფელმა ადამიანებმა მოგცეს:
არ გაეკარო ნარკოტიკს. დაგღუპავს. დაგასამარებს.
მაგრამ შენ — ფეხებზე გკიდია. შენ ხომ თავად ღმერთი ხარ. შეუცდომელი და ყოვლად ბრძენი.
ამხნევებ თავს — არაფერი მომივა, არ  გავტყდები, კონტროლს შევინარჩუნებ.

— რას ამზადებ? — დარბაისლური ტონით ეკითხები, ვითომ არც გაინტერესებს.
სიჩუმეა. ნეტავ სულ სიჩუმე იყოს.
— მემგონი, გკითხე რაღაც: რას ამზადებ? — უმეორებ კვლავ.
— სიყვარულს. — ისმის პასუხი.
ირღვევა სიჩუმე, რადგან ასეთი სანუკვარი სურვილები არასდროს ხდება.
— სიყვარულს ვიგემებ. — აგრძელებს იგი. მისი თვალები ათუხთუხებულ კოვზს არ შორდება. მასშია ჩაძირული.
სიყვარული? ეს შენ არასდროს გიგრძვნია.
არა, როგორ არა — გაგიგია რაღაც სიყვარულზე, მაგრამ არ გიგრძვნია არასდროს.
— ეგ რა არის? — ისე ეკითხები, რომ გაოცებას მალავ.
— ის, რაც ერთხელ გავსინჯე. — ჩურჩულით ამბობს ნარკომანი.
ხომ გითხარით — ისიც ცნობისმოყვარე იყო. მანაც გასინჯა ერთხელ და ახლა რა დღეშია… თავი აქვს დაკარგული.
— იცი? — მოულოდნელად განაგრძო — მე ეს აღარ მინდა. უკვე ყელში ამომივიდა. დანახვაზეც კი გული მერევა. ეს შეცდომა იყო. მე სულელი ვიყავი და შევცდი. მაგრამ ახლა?.. ახლა ყველაფერი კარგად იქნება.
ბოლოჯერ გავიკეთებ ამ წყეულს და საბოლოოდ დავისვენებ.
შენ ხომ გჯერა ჩემი? მითხარი — ჩემი ხომ გჯერა?!
სულ რომ ძალიან გდომებოდა მისი დაჯერება, ვერ შეძლებდი — ისე აუღელვებლად, სიამოვნებით და სიფაქიზით თქვა ეს სიტყვები.
შენგან პასუხსაც არ დალოდებია — ამოიღო ჯიბიდან შპრიცი, დატენა სითხით და პირდაპირ ვენაში შეიშხუპუნა.
ისეთ ვენაში, სადაც შენ ველური სისხლი გიჩქეფდა.
სულ მალე გაიტრუნა. ერთ წუთზე ნაკლებში. მიესვენა, თავი ჯებირს მიაყუდა და ჰორიზონტს გახედა.
მერე ჩურჩულით აღმოხდა სიტყვები, რომელიც არასდროს მოგესმინა — ასეთი მგრძნობიარე, სანუკვარი ოცნება:
— ზღვისოდენა სიყვარული გვინდა ჩვენ.
სულ რომ გვეყოს ყველას, არასდროს დაგვიშრეს.
იმ პატარა ნემსის ჩხვლეტას უპრობლემოდ ავიტანთ, ოღონდ სიყვარულით გავიჟღინთოთ.
გაითიშა. ღიმილი შეხმობოდა სახეზე.
განცხრომას მიეცა თუ არა, ჩრდილიც მოშორდა და მზემ დააჭყიტა.
ცოდო იყო. მაგრამ მაინც, რაღაცნაირად — ლამაზი შესახედი.
პირზე დორბლი ჩამოსვლოდა, პატარა ბავშვივით და მზის სხივზე უბრწყინავდა.
იმ დღეს აღარც სერფინგის გუნებაზე იყავი და აღარც ფეხებზე დაკიდების.
შენს თავს უცქერდი და გიკვირდა.
ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ ოდესმე ასეთი შემთხვევა შენზე კვალს დატოვებდა.
იმ ნარკომნის შემხედვარეს, შენც გაგიჩნდა სურვილი — სიყვარული გაგესინჯა.
თავიდან გაუჯავრდი საკუთარ თავს.
მერე იფიქრე, რომ ამას მხოლოდ ერთხელ გააკეთებდი და შემდეგ გაჩერდებოდი.
უეცრად გაგიჩნდა აზრი — რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გამოსცადოს ცხოვრებაში.
შენ ხომ ნარკომანი არ ხარ. უბრალოდ — გაინტერესებს.
მეორე დღეს ისევ მიხვედი პლიაჟზე, სადაც ჩრდილში, გამხდარი ნარკომანი იჯდა.
ის იქ აღარ იყო.
მხოლოდ ჯებირის კედელზე დაინახე წარწერა:
„სალოცავის სარდაფში სიყვარული გელოდება.“
გაჩქარებით მიხვედი სალოცავთან. შესასვლელში ისევ წერია:
„უცოდველი ცოდვილი.“
მერე სარდაფის ჩასასვლელსაც წააწყდი. იქ „ცოდვილი უცოდველები.“ -ეწერა.
წარმოდგენაც არ გქონდა, რომ შენს სარდაფში ნარკომნებს მოეყარათ თავი.
ჩახვედი ქვემოთ. დაბლა. სიღრმეში.
ესეც უცხო იყო შენთვის.
ზღვის ტალღებზე ნავარდობას შეჩვეული, იქაური გარემო გეუცხოვა.
დაგხვდა სიბნელე. სიმძიმე. ათასგვარი ნივთიერების სუნი.
ნარკომნებიდან ზოგი ძირს გართხმულიყო და ღრმად ეძინა, ზოგი ჩუმად ქვითინებდა, ზოგი ხრეშს მისჩერებოდა და კოსმიური კრატერები ეგონა.
ზოგი თვალებდახუჭული ადგილზე ცეკვავდა, მაგრამ მათ ფეხებში მაიმუნის მოქნილობა არ იყო.
ბოლოს ის ნარკომანიც შეგხვდა, გუშინ რომ პლიაჟზე ნახე.
შენ გაშეშდი, ის კი ნელა გამოგემართა.
— ვინ ხარ შენ? — გკითხა მან.
— მე ღმერთი ვარ. — ეჭვი იგრძნობოდა შენს ხმაში.
უეცრად ყველა ნარკომანი თავის საქმეს მოწყდა და ერთხმად, სევდიანად გადაიხარხარეს.
შენ დაგცინოდნენ.
ისინი წამოდგნენ, გარს შემოგეხვივნენ და ჯიბეებში ფათური დაიწყეს.
ზოგმა სიყვარულის ჰეროინი მოგცა.
ზოგმა მოგონებების კოკაინი.
მონატრების ამფეტამინი.
სინანულის ფენტალინი.
ადამიანური ტკივილის ტრამადოლი.
შენ კი ყველა ერთად გასინჯე. ისე, რომ არც დაფიქრებულხარ — რას აკეთებდი.
ძირს დაეცი. უგზოუკვლოდ გაბრუვდი. აიმღვრიე.
ჰალუცინაცია დაგეწყო. ხედავდი, როგორ დაიწყო ველურმა სისხლმა ნანემსარი ძარღვიდან ჩანჩქერივით შხრიალი.
როგორ დაგეფერფლა თვალები.
როგორ ამოძვრა მაიმუნი შენი ფეხებიდან…
და როგორ დაგებშვნა ეშვები.
— ვინ ხარ შენ? — გაგიმეორა კითხვა.
— მე მხოლოდ ხორცის გროვა ვარ.
ჩემი გონებრივი შესაძლებლობები შეზღუდულია.
ჩემი გული სავსეა სუსტი ადამიანური გრძნობებით.
ჩემი ხელები ცოდვილია.
ჩემი თვალები — სარკეა.
ეს სამყარო შეცდომაა. მეც შეცდომა ვარ.
ნარკომანებმა ისევ გადაიხარხარეს:
— ჩვენ ყველანი შეცდომები ვართ!
იმ დღიდან შენ ჩაეწერე ცოდვილ უცოდველთა სიაში.
შენი სალოცავი დაინგრა — და სარდაფიც შიგ ჩაიყოლა.
ხოლო შენი სერფინგი ზღვამ ჰორიზონტისკენ გაასრიალა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი