მატრიცა
მატრიცა (საუბარი სარკესთან) პირველი თოვა უფლებას გაძლევს, ხელით აწონო - პირველი თოვლი, მაგრამ ყვავები დაგისვამს თავზე, არსაკადრისი და არასწორი და ამ ცხოვრების მჩატე ჰალოგენს, ზეცის ჭიშკრისთვის მოჰპარე ფთორი, მხოლოდ ლექსების წერა გამოგდის - არ მოგყავს ცოლი... გაყინულ ფრესკებს, ნისლის ტიტანებს, მირონდენას და ცრემლებს მოზოგილს, თუკი ყალბია, ვეღარ იტანენ - ღვთის მოგვები და ანგელოზები - რომ არ გადაჰყვე სმასა და ბოზებს, აპურე ტაძრის კალატოზები. - გაგიმხელ, გული ზღვასავით ღელავს, ვეძებ დაკარგულ უფლის ქალიშვილს. ვერ შეველიე სისხლივით მელანს და ვწერ წერილებს ჩამდგარ ქარისთვის. ვკანკალებ ლოცვებს ანბანით მორზეს, ტალღის პაუზებს ვადარებ მოცარტს და გადავყევი სმასა და ბოზებს, შემეძლო ქრისტე მეპოვნა როცა... ეგოცენტრული შარმით და ჩარმით, დავმსგავსებულვარ ბრჭყვიალა პოლარს. რიცხვთა მატრიცას ვადგენ სხვის კალმით და მეწელება ძმაკაცის ხსოვნა. მარტო დარჩენა ისე მაშინებს, ცაზე თვალებით ვიწყებ ბორიალს. ვანათებ თავში ჰემისფეროებს, როგორც აურორა ბორეალისი. შენ შეუჩვევო უეკლო ვარდებს, წერა გასწავლის ჩხვლეტის სიმწარეს, როცა იანვრის ცვრიან ყვავილებს, სერაფიმები მოაკითხავენ და სარკევ, სარკევ ჩვენ ორ შორიდან, რომლის სიბერე არის ნამდვილი?! - ან ვის შერჩება წლების ნადავლი თუ გაგვიხსენებს ვინმე კანტივით?! ვუმეგობრდებით სიკვდილის ანჩარს, თეთრი შხამი რომ ერთად მოვზიდოთ - ვუძლებ მატრიცის გამრღვევი, ლაჩარ ანტიარინს და ანტიოზიდინს. ჩვენ ლეთას გაღმა ვიბრძოდით ერთ დროს, ყველაზე ძლიერ მებრძოლებს შორის. დავუგვიანეთ სიკვდილის მეტროს და მოდის უკვე მეორედ თოვლი - უფრო სუფთა და უფრო ნამდვილი. ჩვენი თავიდან აფრენილ ყვავებს, მოვწყვეტ ფესვებს და მოვწყვეტ ნაზარეთს და ამორძალთა მოჭრილი მკერდი სისხლს უთბობს მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს. ბედს დავამარცხებთ ბელეროფონმა, როგორც ბეჭებზე დადო ქიმერა. ჩავრაზოთ ირგვლივ ყველა ფანჯარა, ორმხრივი ქარი გულს რომ გვიბერავს. ცა ჰგავს გადახსნილ ეპითელიუმს, დერმამდე დასულ ქარის ჭრილობას და ნორვეგიულ ზამთრის ქსოვილებს და მის დაკარგულ ქალიშვილობას. მე კი მწვანე სისხლს თვალებს ვადევნებ... ვკიდებ გულს - ხელს და ტანიდან ვიგლეჯ, ბებერ ძარღვებით - ყოფის სადენებს, როგორც მიწიდან აფრენის მიზეზს. ©გიორგი გულუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი