კოგნიტური ილუზია


კოგნიტური ილუზია 

შინმოუსვლელი სული მიგიძღვის...
მიუზღავ ზეცას თავის საზღაურს...
დამისრულდები, როგორც რკინიგზა...
გაქრები, როგორც ზღვარი საზღვაო...

შეუერთდები ნაწილი მთლიანს...
გახდები ყველა, ოღონდ უფერო.
შენნაირები სამყაროს ცვლიან,
ყვავილებს როცა გადაუფრენენ.

შენს სიზმრებს დავლევ,
ცხოვრებას ავრევ,
გამანდობს წყარო უცნობ კოშმარებს
და ალბათ, სადღაც სიცოცხლის დამლევს,
მონატრებები წამოროშავენ

რომ შენთან მინდა, როგორც მინდოდა 
ყოველთვის, როცა აღარ შემეძლო -
ჩამორჩენილი ღრუბლის კიდობანს,
დაკიდებული უხმო ტელეფონს.

ილუზორული დროის კაფსულა
მამშვიდებს, ციდან აღარ მერჩიან -
რომ შენი სული შორს არ წასულა
და ჩემი მინდვრის ყვავილებშია.

© გიორგი გულუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი