გაუცხოვება


გაუცხოვება

ნუ იკითხავ, შუაღამით, 
ვინ აკაკუნებს კარზე,
როცა ფანჯრებს მიღმა
ნამეხარი ხეივანი იწვის...

თვალებს ნუ ათხოვებ
ფარდების საფრთხობელებს,
რომლებიც რადიოს 
დაკარგულ სიხშირეზე ფრიალებენ.

არ გაბედო სარკისკენ გახედვა,
თორემ შუშა დაიწყებს შენს შეჭმას
და მიხვდები, 
რომ ოთახშიც არ ხარ ერთადერთი
ვისაც ეშინია.

შიში აგაცლის კანს,
მერე წაგართმევს სახელს
და დარჩები ანარეკლის წინაშე,
რომელთანაც საერთო არაფერი გაქვს.

ფიქრების დაშლას იგრძნობს
ყოველი უჯრედი
და შეშინებული ნისლით აგევსება ცეცხლოვანი ფილტვები.

ნუ გახსნი​, 
ჩრდილის შემოცურებულ კონვერტს,
ვაითუ, სუფთა ფურცლიდან
თოვლის სუნმა წაიყვანოს 
ნახევრად პირჯვარნასახი სხეული,
გაგიქროს ხაზები ხელისგულზე
და გარეცხოს ბედისწერა
დოლარზე დაყრილი ჰეროინივით.

შენ იქ ხარ, 
სადაც კაცობრიობა დახუჭულია.

დაუგდე ყური თითებზე დაცურებულ ბროლის ჭიქის ხმას,
სადაც იბადება უსასრულოდ წმინდა გამჭოლი ბგერა,
რომელიც გრძელდება სივრცეში ჰაერის არსებობამდე

და შენც გაქრები მასთან ერთად,
შიში მაინც დაიწყებს შენს შეჭმას
და როცა სისრულეში გამჭირვალდები,
საკუთარ სიმარტოვეს დაინახავ
ადამიანებს შორის.

© გიორგი გულუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი