ლურჯი სიმღერა
ლურჯია აქაური საღამოები. წუხელ მთებს, ცელქი მიწის ჩალურჯებულ მუხლებს მზე გუშინდელი სისხლივით აჩნდა. დღეს ცის ლურჯი დოლბანდიდან წვიმა ჟონავს, წვიმა მოწვეთავს. ლურჯია ჩემი ფიქრი. ლურჯია ქარი. ლურჯია მწვანე ფოთოლი. ლურჯია ყვითელი ფოთოლი. წითელი ფოთოლიც ლურჯია - რადგან ჩემმა თვალებმა შენი მზერა დაიზეპირეს და ბეჯითი მოსწავლესავით იმეორებენ - ლურჯია ჩემი ღვინო, ჩემი სიმთვრალეც ლურჯია, ლურჯია ჩემი გამოფხიზლებაც. მძიმე დღე მქონდა დოლაბივით მობმული ფეხზე, ღამის ტბებამდე ვითრიე და ერთად ჩავეშვით - ღამის ფსკერი მთვრალი თვალის თვალუწვდენ ფსკერს ჰგავს - მრუმეა და ოდნავ მღვრიე - თბილ მარჯნებად მებლანდება შენზე სიზმრები. ლურჯია შენზე სიზმრები და წყალიც ლურჯია, რომელიც დილით თვითონ მოდის და ეს სიზმრები თვითონ მიაქვს, მე კი არ ვატან. ლურჯია ზღვა, სადაც ეს მდინარე ჩადის. ლურჯია ცა, სადაც ეს ზღვა ჩადის. ლურჯია ეს ლექსი და სხვა ლექსიც ლურჯია. მხოლოდ მატარებელი არ არის ლურჯი. რომელიც ყოველ შუაღამისას ურჩი ქშენით ჩაივლის ჩემს სახლთან. მატარებელი, რომელიც მესმის და ვერ ვხედავ. მატარებელი, რომელიც ეგებ არც არის მატარებელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი