დარდის სიმღერა


ასეც თენდება: ხან მზის ნაცვლად, სული ამოგვდის -
დღე ცარიელი სხეულისთვის უფრო ახლოა.
და შენაჩვევი გულრგილობით ვზვერავთ ამოდენს,
გადახვეწილი სიხარულის სამოსახლოებს.
პირში სიჩუმე დავიგუბეთ და მალე დალპა,
დუმილი წვეთავს და დუმილი გვწამლავს ნელ-ნელა
და გვიან ვიგებთ მორიგ ფიქრად და მორიგ დარდად,
რომ ჩვენს ჩირაღდნებს თურმე ცეცხლიც შემოებნელათ.
რომ ქარიშხალი მოგვაწყურეს და აქანდაზით
ჩუმად მოგავეს ოცნებების ნაცნობი ცირკი - 
რადგან ცხოვრება უკუღმართად წვრთნიდა ანდაზებს:
ქარი დავთესეთ და პასუხად ცხელ მზეებს ვიმკით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი