მონატრების სიმღერა
ვზივარ. სურვილის შევექცევი ნაცნობ ნარჩენებს, უგემურია ნარჩენების დაღლილი სიტკბო და სანამ წასულს, მშვიდი წყევლით კვლავ შემაჩვენებ, გწერ წერილს, მაგრამ შენგან პასუხს არასდროს ვითხოვ. ვზივარ. მოწმეა მოგზაურთა შემწე არაკი, რომ ისევ ვზივარ, უმიზეზო მაწუხებს სიცხე, თოვლი ნათხოვარ კაბასავით აცვია ქალაქს, ქარი უწეწავს და ქალაქი ხანდახან ირცხვენს. სადამდე წვდება სიყვარულის დაწნული თოკი? უფრთხის თუ არა მთებს და ხევებს, ზღვათა მანძილებს - გწერ, გეკითხები, მოგზაურთა მოშურნე დრო კი, ამაოდ ცდილობს სხვა ძაფები ქსოვოს საძილედ. უფრთხის თუ არა სხვისი მზერის უეცარ დანას, სხვისი სიტყვების სამართებელს, თოკი, რომელიც, მე წამოვიღე, მზე ამოდის კვლავ საიდანაც, მზე საგულეში ვეღარასდროს დაუდგომელი. თოვს, სიყვარულის თოკზეც დადო, ცივა და მალე, დაღლილი ფიქრი უცაბედად უჩქარებს ნაბიჯს და გწერ; ნეტავი თოკის შენი, მეორე ბოლო, ისევ გიჭირავს თუ ქუჩაში ბოძს გამოაბი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი