ახალი წლის სიმღერა
სხვა საქართველო სად იქნება, ალბათ არსაით - ეს არის ჩვენი მისამართი მიუგნებელი, ვზივართ მძინარე ვაგონებში და ფიქრს გვპარსავენ დუმილის ავი სამართებლით და უვნებელი ეს არის ჩვენი მისამართი და აწერია: წალკა. კრწანისი. წიწამური. წნორი. წიწაკა. წასვლა. წავკისი. წასვლა. წყევლა. და რაც მწერია, სუყველა მწერი ჩვენი გვამის წრფეს დაეწაფა. ყველა ალაყაფს, ცხვირწინ ცივი ხველით მიხურულს, ლექსებს ვაწერდით და ლექსები გვეგონა შველა და ვერ ვისწავლეთ სიხარული, რადგან სიხარულს, ახლავს სიტყვები სხვა ენიდან - უცხოა ენა. აქ ომი უდრის მეზობელი მოხუცის სიცხეს, რომელიც ვიცით და გაუვლის - გულგრილად ვამბობთ, და ყოველ დილას უწყინარი ღიმილით ვიწყებთ და ვგვით ფხიზელი შემართებით მძინარე ვაგონს. და მოდის წუთი და ეს წუთი წუთს არ გადროვებს - შენ დარდებს, სუროდ გადაკვანძულს - ვეღარ შეისხლავ - ხედავ? ამ სისხლის სამართალიც უსამართლოა და დაქცევამდე უცებ თოვლად თეთრდება სისხლი. და ვამბობთ, გვიყვარს ქალწულივით თოვლის მოფენა და გვეშინია იმ ზამთრების - თუ გადაივლის? - რომელთაც უწევთ ჩვენი სისხლის ფიფქად მოთმენა როგორც ჩვენ გვიწევს ზაფხულობით მოთმენა ყინვის. კი, მოთმენაა საქართველო, მოთმენას ვბედავთ ამ წუთზე მოკლე სიცოცხლეში და ბინდი გვინდობს და ლამაზია ეს ქვეყანა - გავაზზე მეტად, და ვიცი, კიდევ უფრო მეტად ლამაზი გვინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი