სიმღერა ბაღის შეყვარებულს
მე გწერ წერილებს და ბრმა მზერას ვიგონებ სითბოდ, მზერას - წერილებს ბარათებად გზად რომ აცვია - შენ შეგიძლია ამოიცნო და წაიკითხო, ჩემი ფიქრების საშინელი კალიგრაფია. ხან ისე ჩუმად, უსხეულოდ საღამოვდება - წლების უკნიდან შენი ფეხის ფრთხილი ხმა ისმის, და შენს ნაბიჯებს ღამით ვაცმევ შენს უცხო სხეულს - დიდი ხანია შევისწავლე ხელობა სიზმრის. თუმც რა აზრი აქვს დილით ავდგე, დავლიო ყავა, სარკეში მზერა გავისწორო, მერე საყელო, თუ მესიზმრე და ცხადის ფილმად ეს აღარ გავა - წყალს სიზმრის ნაცვლად ეგებ თავი სჯობს გავაყოლო შენ ცხოვრობ სოფლის სიახლოვეს, სხვა ქარებს იტევ, იცვლი სამოსებს - დღის და ღამის - ძველ სავარძელზე. ხან დღე მოკლე გაქვს და სიფხიზლის მოძენძილ სვიტერს სხვა ფერის ძაფით - ლამფის შუქით ქსოვ და აგრძელებ. არცერთმა ვიცით, როდის ვნახავთ ერთმანეთს, რადგან ვერ გავთვლით, დღე და ღამე როდის შემოგვერღვევა - როცა ორივე აღმოვჩნდებით იმ ბაღის კართან, რომელსაც ალბათ არ ერქმევა საბავშვო ბაღი, ანდა რა იცი, შეიძლება ასეც ერქმევა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი