თვალის ფსკერის სიმღერა


ჩემი სამარე - შენი თვალის სველი ფსკერია –
ვწევარ, ქვევიდან ამოვყურებ ცრემლების თევზებს,
ვწევარ, ოდესღაც მზის სიმღერა თუ მიმღერია,
დღეს დაღლილი ვარ, მხოლოდ ღრუბლის სიმღერას შევძლებ.
შეხსნი ფანჯარას, შუაღამეს თბილ სახეს უშვერ
და წამწამებით ვარსკვლავს – ზეცის წამწამს ეხები,
და ტანსაცმლიდან წამოცდენილ ტანს,  ოდნავ უშვერს,
როგორც მრუშ სიტყვას,  თბილ კაბაში ყლაპავ და თმები
კვამლს და მოწყენას სიგარეტით ისევ გათქვამენ,
სევდას გათქვამენ. მე კი შენმა ავმა მენავემ,
მინდა მთვრალ მხარზე ჩამოგაყრდნო დაღლილი გვამი,
 სანამ ქარები ჩვენს თხელ ჩრდილებს ერთად ყინავენ.
თორემ ღიმილის    რახანია  ხარ მომარხულე,
ამ ზამთარს მალე გაიხურავ და მზეზე გახვალ
და ღამეები ჩაიცვამენ ისევ ზაფხულებს
და მე ღამეებს შევიმოსავ შენს ახალ სახლთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი