უძილობის სიმღერა


და შენი მზერით გაბზარულ ძილს
ბზარსიქით რომ სიზმრები უჩანს -
ნიშნავს, რომ ვდგავარ,
უძილობის იძულებით,
ფანჯარასთან
და უძილობას, 
სანახევროდ თვალდახუჭული,
ვაბრალებ უკვე გამთენიის
ჩაუთვლემელ, უფიქრო ქუჩას.
და ვაკვირდები სქელ ჰაერში სიტყვის ნაკვალევს,
ნაკვალევს - ექოს და ნაკვალევს მოვყავარ შენთან -
ოღონდ შენ არ ხარ - მისამართი სხვაზე გაცვალე,
მე კიდევ მხოლოდ ნაცნობი გზით სიარულს ვბედავ.
მზე ამოვიდა. რადგან ღამე იდგა ირიბი -
მზემ დასავლეთის ღრუბლებიდან ამოაბიჯა.
და ჩახუთული, უბოლოო ფიქრის გვირაბი
ისევ ჩავრაზე. ხმაც არ ისმის იმ გვირაბიდან.
ძნელია, როცა შიშველი გაქვს დაღლილი ზურგი
და ზურგით წევხარ გადალესილ დარდის დანებზე,
ძნელია და თან ადვილია მახე დაუგო -
ნახო სიკვდილი, გაუღიმო და კვლავ დანებდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი