პილატეს სიმღერა


დილით სახლთან ძაღლი მოვიდა.
ამომხედა და ძაღლმა სევდა გამომიწოდა.
შემრცხვა და მე ხელი გავუწოდე.
ამლოკა ძაღლმა.
მე სახლში შევედი და ხელები დავიბანე.
გარეთ რომ გამოვედი,
ისევ იქ იდგა.
მე მერჩივნა, არ მდგარიყო,
რადგან ადამიანი ვარ და მირჩევნია უფიქროდ ვიყო -
შია. წყურია. შია. წყურია. 
წყალი დავუდგი და პური ვუწილადე.
სახლში შევედი და ფიქრი დავიბანე.
სადღაც წასვლა დავაპირე და სახლიდან რომ გამოვედი,
ძაღლი ისევ იქ იდგა. 
მე მერჩივნა, არ მდგარიყო,
რადგან ადამიანი ვარ და მირჩევნია უდარდოდ ვიყო -
ძაღლის თვალებში დალანდულ ცრემლს კი ზღვის ტალღებზე უფრო იოლად შეუძლია დაგახრჩოს.
ზურგი ვაქციე და გავიქეცი.
გავიქეცი და დარდი დავიბანე -
დღეს თუ არა, 
ხვალ ხომ მაინც მომშორდება დარდი - ვფიქრობდი მე 
- განა ცოტაა ასეთი ძაღლი -
მარტო ჩემს სოფელს კვირაში ასე ათი სტუმრობს.
ყველას ხომ ვერ შევიფარებ?
ყველას ხომ ვერ გამოვკვებავ?
ყველას ხომ ვერ მოვეფერები?
ყველას რომ ფიქრით უკან გავყვე, დარდად ვაქციო,
ხომ მოვკვდები?
ამიტომაც გავიქცევი, გავიქცევი და 
მაქვს ალიბი,
სასტიკი და უტყუარი ალიბი -
ადამიანი ვარ!
უკან მოვიხედე და აღარ იდგა ძაღლი. 
ქვაზე ჩამოვჯექი და ხელებზე დავიხედე - სუფთა მქონდა.
ფიქრზე დავიხედე - სუფთა მქონდა.
დარდზე დავიხედე - სუფთა მქონდა.
მაშინ მივხვდი, რომ ადამიანად ყოფნა ნიშნავს ყოფნას პილატედ.
როცა ადამიანი ხარ, სხვა გზა არ გაქვს - ხელი უნდა დაიბანო.
დარდი უნდა დაიბანო.
ფიქრი უნდა დაიბანო.
ვისაც ურჩევნია ღმერთი იყოს,
მას ხელზე ჭუჭყის,
თავში ფიქრის და გულში დარდის არ ეშინია.
ასეთი კი არავინაა ჩვენს შორის. 
ასეთი კი არავინაა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი