ყოფნის სიმღერა


შეიძლება ყოფნა ჯობდეს ასეც:
– ცხოვრობდე სადმე, ასე სექტემბრის და სოფლის მიწურულს, 
შენ და რამდენიმე თაგვი 
– ზოგი სარდაფში და ზოგი სხვენში.
ოღონდ ეს თაგვები ცხოვრობდნენ შენს სახლში 
და მხოლოდ შენი მისვლისას იწყებდნენ სირბილს. 
შენ კი სტუმრად იყო 
და იმ თაგვებზე ფიქრობდე ხოლმე, 
ასე, ყოველი მესამე ჭიქისას.
აგერ, ხუთი კომლის გადაღმა იყო.
გეცვას კისერთან მორღვეული პულოვერი, სკამზე გეკიდოს წვიმით სავსე ბუშლატა
და გვიანამდე იჯდე სტოლში, 
სვამდე მჟავე ადესას და სახეში უყურებდე მთვრალ მეზობლებს. 
და მეზობლები გიყურებდნენ თვალებში. 
და ამბობდეთ სისულელეს, სისულელეს
და კიდევ უფრო მეტ სისულელეს. 
აბა, რა სჯობს სისულელის ლაპარაკს? გაუზომავ, უფიქრო სიტყვებს. 
დაფიქრებით მხოლოდ თაგვებზე ფიქრობდე,
ისიც სამ ჭიქაში ერთხელ. 
და მერე ადგე და წამოხვიდე ბანცალით. და მიხვიდე სახლში. 
შეაღო კარი და დატოვო ღია. 
დაწვე. და ცალი თვალით გახედო ცას, რომელიც თხელია და მთვარით. 
და შორს შავი ღრუბლის მონარჩენით. 
ძაღლი უნდა ყეფდეს შორს და სხვათაშორის. შორს და აუცილებლად. 
და შენ გრძნობდე რომ ხვალ არ არსებობს. რომ არსებობს მხოლოდ დღეს
და არსებობს მხოლოდ ეს ღამე. 
მხოლოდ სექტემბრის მიწურული. და რამდენიმე თაგვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი