ფანჯრების სიმღერა


ჩემი სახლიდან შორს, გადაღმა, მოჩანს სახლი.
ეს სახლი, ქალაქის წესისამებრ, მრავალსართულიანია და მრავალი სართულის წესისამებრ, ამ სახლს ბევრი ფანჯარა აქვს. 
ყველა ერთნაირი.
შორიდან ეს არის.
ასე მოჩანს. 
მხოლოდ ეს გრძელი, მოსაწყენი და ნაცნობი წინადადება.
მაგრამ ახლოდან, ერთი ფანჯრიდან მოჩანს ლოცვა მომაკვდავ შვილზე და მეორედან მოჩანს სიმღერა. 
ოღონდ სიმღერა ფრთხილად მოჩანს ამ ფანჯრიდან და ფეხაკრეფით.
სხვა ფანჯრიდან რომ სიმღერა მოჩანს, ის სიმღერა ხმამაღალია და კაცმა, რომ თქვას, ამიტომაც აღარ მოჩანს ბავშვის ტირილი მეზობელი ფანჯრებიდან. 
არც ძაღლის ყეფა. არც ჩურჩული აღარ მოჩანს შეყვარებულის.
 მე რომ მკითხოთ, ის სიმღერა, რომლის გამოც სხვა ფანჯრებიდან არც ცრემლი მოჩანს, არც ყეფა და არც სიყვარული - მეტისმეტად ხმამაღალია. 
მაგრამ ამ სახლის შემოქმედი მე არაფერს არ მეკითხება.
ზოგიდან მოჩანს ბანკის ვალი ანაც მეზობლის. 
ზოგიდან თვითონ მეზობელი ანაც ბანკირი.
ზოგიდან მოჩანს შური და ზოგიდან შური არ მოჩანს, მაგრამ არის. ზოგიდან მოჩანს ცრემლი და ზოგიდან არ მოჩანს, მაგრამ არის. 
ზოგიდან მოჩანს ღიმილი და ზოგიდან არ მოჩანს. 
უბრალოდ არ მოჩანს, რადგან არ არის.
ზოგი ფანჯრიდან მოჩანს საუზმე და სადილი. 
ზოგჯერ ვახშამიც. მხოლოდ ეს მოჩანს. ეს მდუმარე რიტუალი და ერთი ჩრდილი.
ზოგიდან ბევრი ჩრდილი მოჩანს. ამ ჩრდილების ხმაური მოჩანს. ყურისწამღები.
ზოგი ფანჯრიდან არაფერი მოჩანს, რადგან იქ აღარავინაა. ზოგი ფანჯრიდან არაფერი მოჩანს, რადგან იქ არიან. 
კი, არის ორი ასეთი არაფერიც. ორი ფანჯარა.
ზოგი ფანჯრიდან მოჩანს სურვილი რომ გამოაღონ და ჰაერი ჩაისუნთქონ. 
ზოგიდან მოჩანს სურვილი, რომ გამოაღონ და აღარასდროს ჩაისუნთქონ ეს ჰაერი.
ანუ გადმოხტნენ.
ზოგიდან მოჩანს სიზმარი და ამ სიზმარში მოჩანს გოგო, როგორც უარი და ეს სიზმარი საშინელია. 
ზოგიდან მოჩანს სიზმარი და ამ სიზმარში მოჩანს გოგო, როგორც თანხმობა და ეს სიზმარი ცრუა.
ზოგიდან მოჩანს შუქი, რომელიც ანთია. ზოგიდან მოჩანს შუქი, რომელიც ჩამქრალია.
ბევრია ფანჯარა და შორიდან ყველა ერთნაირი. 
შეიძლება სჯობდეს შორიდან უყურებდე და არასდროს მიხვიდე ახლოს. ან საერთოდ არ უყურებდე.
უბრალოდ ადგე და საკუთარი ფანჯარა გამოიხურო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი