ჩაბრუნებული ანდაზების სიმღერა


ზღვას ვსვამდი კოვზით –
ძარღვებად გავიდგი მარჯნები,
ხოლო თევზები
უმარილო
დარდივით მერეოდა –
ბადეებს ხანდახან თვითონვე ვჩუქნიდი,
რადგან დარდს რა დალევდა –
მე ერთი ვიყავი,
ერთი ვიყავი და
ზღვას ვსვამდი.
ზღვა დიდი იყო – მე უკვე უფრო -
ზღვით მაძღარი და ზღვით მსუქანი - 
ერთხელაც, ჩათვლემილს, სიზმრები ამეწვა –
მზე ჩემში ჩავიდა.
კაცი აღარ დარჩა, რომ ებჭო –
ის კი მაინც იცინოდა:
სხვა მზეებმა სხვა ზღვები გადაწვეს,
ღრუბელი – ამ ზღვების ნაცარი აფანტეს ქარებმა
და მერე დაიქცა გაცრილი ნაცარი,
ისე, რომ თვალებში ვერავის შევაყარეთ.
დაიქცა ნაცარი - 
გაწვიმდა.
გაწვიმდა.
ანუ
ზღვას ვსვამდი კოვზით
და ნაცარში ჩამივარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი