პოეტის სიმღერა
გავხედე და ძალა აღმართს ხნავს. ყველა ხერხი, რომელიც ღონეს სჯობდა, დაუღუნავს და ურემზე უდევს. ხნავს და თესავს. მანამდე კი კალიებმა წალეკეს ყანა. ჩვენი ყანა. წაგვიხდა ათასი მოსავალი. ბეღელში მხოლოდ გამომხმარი მთვარე დაგვრჩა - ისიც ღამის დაღლილ ბეღელში - უკბილო ობლის მოტოვებულ ძველი კვერივით. მშივრები ვართ. არც მიწა გვაქვს. აღარც სათესი. აღარავის. მხოლოდ ძალა ზის ურემზე და ძალა აღმართს ხნავს. ორი გზაა: ანაც ძალას ვთხოვოთ ხორბალი, ანაც მშივრები დავიხოცოთ. და ახლა მივხვდი: ხან ხერხი სჯობს ღონეს თურმე და უფრო მეტად - ღონე ხერხს სჯობს. მაგრამ ორივეს სჯობს, რომ ერთხელ პოეტი იყო - მთვარე ობლის კვერი გეგონოს და შიმშილი ვეღარ მოგკლავს, აღარც ძალას ემათხოვრები. იჯდები სადმე, ნეკნებამდე დამშრალ კალაპოტში, სადაც ოდესღაც დრო დიოდა და ახლა აღარ. სულ მშიერი და სულ ცოცხალი. სხვანაირი ღმერთი იქნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი