წიქარას სიმღერა
მივიხედე - ბუზის ტოლად რაღაც მოჩანს - დარდი იქნება შფოთვის ცხენზე ამხედრებული - ვთქვი მე, მოვისროლე მოთმინება და სუროხშირი ტყე გაჩნდა. მივიხედე - ბუზის ტოლად რაღაც მოჩანს - სნეულება იქნება, ხორცის მხრავი და სისხლის მხვრეპი - მოვისროლე მწარე წამალი და სალი კლდე გაჩნდა. მივიხედე - ბუზის ტოლად რაღაც მოჩანს - სიკვდილი იქნება, ფიქრის გამქრობი და უსაშველო - ვთქვი მე, მოვისროლე ყველა შელოცვა, რაც კაცს უთქვამს დასაბამიდან, მოვისროლე და უძირო ჭა გაჩნდა - იქ დაინთქა სიკვდილი. მივიხედე - ბუზის ტოლად რაღაც მოჩანს. არცა რა მქონდა, რომ მესროლა. დავჯექი და დაველოდე. მოფრინდა ბუზი და გაფრინდა. მაშინ ვიფიქრე - ეგებ ყველა ბუზი იყო? გამეღიმა და გავქრი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი