დამალობანა ანუ ნამდვილი საქმე ღვთისა და კაცისა


როცა თვალი გავახილე,
ის დაიმალა.
ფეხი ავიდგი და პირველსავე ბილიკს მის საძებნად გავუყევი –
ბაღი ვნახე მშვენიერი,
ხილი ვიხილე და ჩრდილი ვიჩრდილე,
მზე ლღვებოდა ლეღვის ფოთოლზე –
მაძღარმა ვეძიე და არსად იყო.
სხვა ბილიკი გავიფინე –
ბაღი ვნახე საზარელი –
გაყინული ხეებიდან
მკვდარი ყვავების გადაფრენა,
ნემსის ბალახი –
მშიერმა ვეძიე და არსად იყო.
მაშინ გავიხადე თიხის სამოსი და ქარს ვემხედრე,
ღრუბლის მოღლილი ღობე მოვარღვიე –
მეგონა მის ეზოში ვიყავი, მთვარეს ეფარებოდა მეგონა –
არც იქ დამხვდა.
დრო დავიფერთხე –
სხვა ეზოშიც გადავიპარე
და სხვა ეზოშიც,
სხვა ეზოშიც –
ვარსკვლავების კიბეს მივყვები,
მივყვები და ვყვირი:
– გამარჯვებულო სადა ხარ? გამარჯვებულო გამოდი!
– გამარჯვებულო სადა ხარ? გამარჯვებულო გამოდი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი