მრუდე საგალობელი
შესაქმე ზომიერებაა ყოველივეს ძირი ლაო–ძი რასაც ჩასძახებ ანდაზიდან მზე ამოვიდა მზიდან. გამოსვლა მერვე დღეა მჭლე ბალახს ვჭამ. ქარი – მშრალი სამართებელი – პარსავს ჭალებს და ხეებს წითელი ფოთოლი უნებლიე ჭრილობასავით აჩნია. მერვე დღეა მჭლე ბალახს ვჭამ. ვისწავლე – ღამის ჩალით დღის გადახურვა, რკინის ქალამანი მოჭრილ ფეხზე, მოჭრილ ხელით საჭის ჭერა, ბადის სროლა მღვირე ქვიშაში. მერვე დღეა მჭლე ბალახს ვჭამ – ცას უწია ჩემმა რქებმა. მომბეზრდა – თოკზე ყელი მოვიზომე – საბძელი დაიქცა. დანაზე ძარღვი მოვმართე – სისხლი შედედდა. შაბი ვსვი და დავთვერი დავთვერი და მდინარეში გადავეშვი – სადღაც ახლოს მტერი იჯდა და ჩემს გვამს უცდიდა, ცოცხალი დამინახა და გამომიყვანა. იმედი თავზე გადამეწურა და უკვდავების ოფლით სველი მივდიოდი და ჩემს უბედო ჟამზე მოვთქვამდი. დღეს ჭა ვიპოვე. ჭა – მიწის ცრემლმომდგარი თვალი და ჩავძახე: ქარიშხალი – სიო ამომძახა, სევდა – სიმღერა, სიმღერა – სევდა, სევდა – სიო, სიო –ქარიშხალი. სათლი – საცერი. თივა – ცეცხლი. ცეცხლი – საცერი. საცერი – თივა. მაშინ მივხვდი – ავდექი და მე ჩავეძახე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი