წიგნი მოწერილი შენდამი პირველი


ირონის და იას ეროტიული საკითხავი

“ამირან დარეჯანის ძე”
შ. რუსთაველი

“და სიყვარულის ასე მოთმენა”
გ. ტაბიძე

-ა-

და
არვინ ვიცით, ვინ შეგვყარა (და რას გაგვყარა),
ვინ დაგვაბრალა ჯიბეებში დამხრჩვალი ფრთები,
ვინ დაგვაძალა ერთნაირი გვეყოს სამხარი
და სამხარს მერე წამწამების ფიჩხით რომ ვთბებით.

-ბ-

და
ერთხელ ყველა ისე ახლოს მომეყრდნეთ სახით,
რომ გეფიცებით ვეღარცერთი ვეღარ გიცანით
და სიმარტოვემ დამაძალა სიცოცხლის ტახტი –
შენი სახლიდან მონარჩენი თხელი ფიცარი.

-გ-

და
ვჭრი საბძლიდან ენებივით დაკიდულ თოკებს,
როგორც მაჯებზე შემოხვეულ სისხლის მავთულებს,
ფანჯრებს ვუმუწავ ჭრელ სართულებს და მზეს ვიოკებ
და სიკვდილისკენ გადაკიდულ ბილიკს ვართულებ.

-დ-

და
რახან დავრჩი, ჩემს ყანებში დათესეს გვალვა
(ალბათ ელიებს მოუმრავლეს ღამის ქოთნები)
და მე მომიხდა ყანებისთვის ცრემლების სწავლა
და ზაფხულების სიყვარულზე უფრო მოთმენა.

-ე-

და
ცხელს, სიზმრების სარდაფებში ვიხდიდით ჰაერს,
ვიცვლიდით ჰაერს და ვერასდროს ვიცმევდით წაღმა
და ამ ტანსაცმლით ცხადი წლები ისე ვიარეთ,
ტუჩზე ღიმილი ბალახივით რომ შემოგვახმა.

-ვ-

და
და ძმა იყო მზე და მთვარე, სანამ გვეძინა
თუ ბავშვობაა ტკივილიდან ნაბიჯი უკან
და ღმერთიც იყო უსუსური პატარა წინათ,
რაღაც ეტკინა და ჩემს ნეკნებს მოუკაკუნა:

-ზ-

და
გაიზარდა და დამშვენდა ჩემით და შენით
და სიყრმეს კეფით აკვირდება ჩვენი მიწიდან
და ღმერთო ჩემო, ღმერთს ცრემლები საოცრად შვენის
და ღმერთს საოცრად არ უხდება, როცა იცინის.

-თ-

და
წუხელ ვახშმად ჭიანჭველის ბულიონს ვჭამდი
და გვიანი მზით მოტყუებულ ჩრდილებს ვისხამდი
და ვბერდებოდი – ანუ ხელებს ვაწვდენდი ცამდი
და თვალს ხელივით ვაცეცებდი ნაცნობ მიწაზე.

-ი-

და
ვჭამდი ტყეებს (სადღაც გემოდ მეცნო სამოთხე)
ტყეში ფუღუროს, ფუღუროში გახრწნილ ავსულებს
და თქვეს ღმერთებმა, რომ დამჯერე შვილი გამოვდექ
და დანაპირებს ზედმიწევნით ზუსტად ვასრულებ.

-კ-

და
მოვატყუე ყველა ღმერთი – დათვლად ულევი
და სანამ ერთად მოისურვეს სული და ვალი –
გუშღამე – ვიდრე ამ უცხო ლექსს დავასრულებდი,
ჭკუა ვიხმარე და უჩუმრად გარდავიცვალე.

-ლ-

და
მიაწერონ მერე სხვათა – ვინ ვის უქია,
რუსთველი – რუსთველს, სარგის – სარგისს, თუ ხონელ–ხონელს
და თქვან რომ ლექსი სისხლია და სიჭაბუკეა
ან თქვან, რომ მუზის ქარავნები სიბრძნისას მოვლენ.

-მ-

მე
კი თქვენს ახლოს, თქვენგან ნაქებ კაფეში ვზივარ
და გეახლებით ოდნავ მწარე ყავისფერ ყავას
და ვეღარაფრით ვერ მივიღებ თქვენგან სამძიმარს
ანუ მზე ადგა, მზე დადგა და მზე მალე ჩავა.

-ნ-

მზე მარტივია, წითელია და ოდნავ მრგვალი ,
მზე დაღლილია, როგორც შენი ხელი მარცხენა,
როცა პასუხს მწერ და თვალებმა სცადეს სიმთვრალე
და ცოდვა სცადეს და ცოდვისგან ცოტა დარცხვენა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი