სოფლის სიმღერა


ვზივარ. მერცხლების უპატრონო მახურავს ბუდე
და კვლავ ახლოა სოფლის ნაცად გზას განდობილი 
თხელი ხეების კეხიანი ნაცნობი მრუდი - 
ადრე ზაფხულის კაფანდარა ქარის პროფილი.
ვზივარ. გრილია მომაკვდავი ბუხრის ნაფაზი,
თითქოს ბუხარი მძინარე ღმერთს საკმეველს უკმევს -
ვვაჭრობ წარსულთან და წარსული კვლავ ძვირს აფასებს,
ჩემი ბავშვობის აუხდენელ ჯინსის ქურთუკებს.
წარსულთან ვვაჭრობ, ყიდვა მინდა კილო სიმშვიდის,
მაგრამ წარსული წონას აკლებს და ძვირს მაძალებს,
მხოლოდ ცოდვაა იაფი და წონაზე მძიმე,
რადგან სოფელში ლამაზია ყველა ტაძარი.
სოფელი უდრის გაჩერებულს კედელზე საათს 
და ამიტომაც არის რთული მოთმენა სოფლის.
უდრის ყანების აღებისას მზესთან მასლაათს
და გამონაცვალს გამორეცხილს ახალი ოფლით.
სოფელი უდრის ერთმანეთის ზეპირად სწავლას
და სხვასთან სხვაზე საზეპიროს ჩუმად მოყოლას.
უდრის უზმოზე ორღობეში მშიერი ჩავლას,
ცარიელ თავლას, ნაკელის სუნს და თივის გორას.
სოფელი უდრის ახალგაზრდა ქალების მზერას,
მზერას გაქცეულს შორს, ათასი სოფლის გადაღმა,
უდრის დარდების წყალდიდობებს, მოწეულს წყევლად
და გვალვებს, ჩვენი სურვილების ტყე რომ გადახმა.
საღამოობით უმიზეზო გაშლას სუფრების
და ამ სუფრებზე უმიზეზო მოწყენის ლახვარს,
სამჯერ ადგომას სიგარეტზე გასვლის უფლებით 
და ცისკენ თვალის გაპარებას და მერე დახრას.
სოფელი უდრის დაბრუნებულ ძროხების ბღავილს
და საძროხეში მთვარის შუქზე ძროხების წველას. 
სოფელი უდრის ვერასოდეს შემჩნეულ ყვავილს
და ფრთხილ ღიმილებს მოყოლებულ უხერხულ ხველას.
სხვანაირია სასაფლაოდ სოფელში ყოფნაც,
იმაზე მშვიდი, ვიდრე მკვდრების ძილი და მწუხრი,
რადგან ქრისტეც კი სხვანაირად აღდგება სოფლად
და ყველა ცოდვილს გადაიყვანს მარჯვენით უფლის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი