დუმილის სიმღერა
,,ჩვენ ვართ ის, რაზეც ვდუმვართ" უ.ფოლკნერი ,,სულ ჩუმათა ვარ, ასე ვტირი" მეეზოვე ვილიამაპირში დუმილი დავიგუბეთ, მალე დალპა, ჩვენში წვეთავს და ძარღვებში სისხლთან ერთად მიედინება. ,,ადამიანის სხეული ხომ უმეტესად წყლისგან შედგება" - გვითხრა ერთხელ მასწავლებელმა და არ იცოდა, რომ ეს წყალი ის წყალია, ნაწილ-ნაწილ ჩაყლაპული, ჩაგუბებული - ჩვენში წვეთავს და ძარღვებში სისხლთან ერთად მიედინება და ძარღვებს ფხაჭნის და გაკაწრულ, უთხელეს ძარღვებს სისხლში სულ სხვა სისხლი ეღვრებათ. არავინ იცის ამ მღვრიე და სუნიან წყალზე, დუმილის წყალზე - გულს რომ ეს წყალი ამოძრავებს, ესვე აჩერებს. ჩვენ ჩავყლაპეთ ჩვენი უხმო და ოცნებებგამოფატრული შორი ბავშვობა და მერე მკვდარი ახალგაზრდობა, ნაწილ-ნაწილ დავჭერით და გადავადნეთ - წყლად ვაქციეთ და ჩავყლაპეთ. ჩავყლაპეთ მზერა - მეტროსადგურის ჩასასვლეთან მდგარი გოგოს და გოგომ ბიჭის - რადან შუაში ბევრმა ხალხმა, ჭრელმა ხალხმა გამოიარა - ცოტა ხანი დავიგუბეთ, ვერ ვიპოვეთ ერთმანეთი და ეს მზერაც წვეთ-წვეთობით სხეულის ჭაში ჩაგვეღვარა. ყველა უარი სიყვარულზე, ყველა წასვლა, ყველა ზურგის ცივი თვალები. ფეხის ყველა გადაბრუნება. ვიყოთ სასტიკი და ესეც ვთქვათ, ფიქრის ყველა გადაბრუნებაც : ყველა კაცი და ყველა ქალი, ვისი მოკვლაც მოგვინდა და ვერ შევძელით ან არ შევძელით - ცოდვის შიშში გავაწყალეთ - ისე ჩავყლაპეთ! ასეა, ჩემო გულუბრყვილო მასწავლებელო! შენც წყალი ხარ, მეც წყალი ვარ, ისიც წყალია. დაგუბებული და დამპალი, უფერო წყალი. უცნაური ამ საქმეში მხოლოდ ის არის - რომ წყალი ვართ და ოდესმე მიწად ვიქცევით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი