სააქაოს სიმღერა
როცა მოვკვდები, დაგივიწყებთ - სული, რომელიც ჩემგან გავა, მე არ ვიქნები - საშინელია უკვდავება მეხსიერებით. ადამიანად ყოფნის ხსოვნით. ვერავინ გაძლო - ვერც ოდისევსმა, ვერც ფაციამ, ჩემი კარის მეზობელმა - ფიქრის მკითხავმა. საშინელია უკვდავება მეხსიერებით. ამიტომაც, ძველმა ღმერთმა გადაწყვიტა - შექმნა მდინარე, დავიწყების მდინარე, სადაც, სიცოცხლეს, როგორც ნაგროვებ ჭუჭყს, ისე ვიბანთ და სხვა ნაპირზე ტანს სიკვდილის უმბსუბუქეს ნაჭრით ვიმშრალებთ. იქ, ინდოეთში, სხვა ძველი ღმერთი ერთ კაცს ეტყვის, რომ კაცი მაშინ აღარა ხარ, როცა ლტოლვა იმარხება სურვილთა მიმართ. მაშინ ღმერთი ხარ. გააუქმე ბედნიერება, გააუქმე უბედურება, ყველა გრძნობა გააუქმე და სიმშვიდედ გადაიქეცი. ადამიანი ვერ იქნება მშვიდი, რადგან სიმშვიდე ვერ დაიტევს მეხსიერებას. ამიტომაც, როცა მშვიდია, ადამიანი აღარ არის ადამიანი. მერე ადგა და მისწერა პავლემ გალატელებს, რომ ადამიანად ყოფნას აქვს საზღვრები, მოულოდნელად ახლო საზღვრები და საზღვრებს იქით; აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. მართალია პავლე. ადამიანი ადამიანი ვერ იქნება სამოთხეში, რადგან სამოთხე ვერ იქნება სამოთხე თუ გტკივა და გტკივა, რადგან გენატრება, რადგან გენატრება - ესე იგი გახსოვს. ადამიანი ადამიანი ვერ იქნება ჯოჯოხეთში, რადგან ჯოჯოხეთი ვერ იქნება ჯოჯოხეთი თუ გიხარია და გიხარია, რადგან გენატრება, რადგან გენატრება - ესე იგი გახსოვს. როცა ვკვდებით, ჩვენ ვტოვებთ საკუთარ ფიქრებს, როგორც ერთ ლამაზ და მცდარ თქმულებაში, გველი ტოვებს ცხელ, თხელ ქვებზე საკუთარ შხამს წყალში შესვლისას და მზეზე ლღვება გველად ყოფნის მეხსიერება და ვერ იგონებს, როგორ აცდუნა გუშინ ევა, ევამ - ადამი. როგორ უკბინა სამი წლის ბავშვს მოზამბიკში, როგორ ტიროდა ბავშვის დედა, როგორ იდგა ბავშვის მამა და მოზამბიკის გაოცებულ ცას უყურებდა. გველი მხოლოდ თევზებს ჰხედავს, ლამაზ თევზებს და სხვას არაფერს. ადამიანი არის ხსოვნა ველოსიპედის, რომლის ბორბალი, ჰაერში ისევ ტრიალებდა და ის იდგა, შვიდი წლის და თერთმეტი თვის, გადატყავებულ, სველ მუხლებზე შემხმარი სისხლით, ცოტა ტალახით და თვალში ცრემლით, და სირცხვილით, რომ ეს ცრემლი არ დაენახა ქალაქიდან ერთი კვირით ჩამოსულ გოგოს. ეს არის ადამიანი. ეს არის - მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს, ან რა არის ამაზე მეტი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი