ერთგულების სიმღერა
ნუ დაიჯერებ, რომ ღამეებს ვათენებ შენთვის, სხვებზე სიზმრები აელმებენ ჩემს თეთრ ღამეებს და ფრთხილ მდინარეს ჟანგიანი მილიდან ერთვის გარყვნილი წყალი, ჭრელი წყალი და საამოა. ნუ დაიჯერებ, რომ ღრუბლებში ვიცხოვრებთ მუდამ, მიწის სუნი აქვს ჩემს ოცნებებს და ზეცას უფრთხის და გამოგონილ ერთგულების სიზანტე გუდავს და ნახეთქ დარდებს სისხლიანით ვაწებებ ფურთხით. ჩვენ ვიცით, გარეთ ჰაერია, ჩვენ კი სკაფანდრში, ერთმანეთს ვსუნთქვათ, ერთმანეთით ერთმანეთს ვქოლავთ, რომ ადამიანს შეეშინდა დარდის გაფანტვის და საპასუხოდ ერთგულება გამოიგონა. ჩვენ ვიტყუებით, ხელებს ვმალავთ და მაინც ვიცით - უფრო ცხელია სხვის სხეულზე ფიქრის შეხება, ბოლო გვაკვირებს, რადგან ისევ ვიწამეთ ფიცი, ფიცი კუბოა სიყვარულის და ერთად ვხედავთ რომ სიყვარულის თხელ კედელზე ამოსულ სუროს, უცხო თვალები აბეზარი მზერით კენკავენ, შენ გინდა სურო კედლის ბზარებს რომ დაახურო, მაგრამ ბზარებში შეიპარა ქარი მეძავი. გსურს ოთახიდან გაპარული დავსაჯოთ მზერა და ზუგრშექცევით დავაყენოთ შიშველ ქუჩებთან, მაგრამ თვალი ხომ დახუჭული უფრო მეტს ზვერავს - ნუ დაიჯერებ, ნუ ენდობი სიზუსტეს ფერთა - ნუ დაიჯერებ, რომ ფრთები მაქვს ეტლად ზეფირის და ყოველ დილით გრილ ყვავილებს მოგიტან სახლთან, ნუ დაიჯერებ, რომ მხოლოდ შენ დაგიზეპირებ, ნუ დაიჯერებ, რადგან ასე უფრო მიყვარხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი