სიყვარულის სიმღერა
რომ შეიძლება სიყვარული ჰქვია ქუჩაში, მხრის მხარზე გაკვრას, მოხდილ ბოდიშს და სხვას არაფერს და მერე, დილით, უნებლიე ქუთუთოს ხამხამს, თითქოს დარჩენილს აწვალებსო ქარი დარაბებს. ივლისის ცა ჰგავს ბევრი ღამის უწვიმარ ასფალტს - მთვარე მოსროლილ ბეჭედივით აგდია ცაზე - თითქოს დაშორდა. მერე მოკვდა და მერე დათვრა - რადგან არავინ არ ყოფილა მასზე ლამაზი. და მეშინია ამ შეჩვევის, რადგან შეჩვევა, წუხელ, კოცნის წინ წამოსროლილ ფიქრსაც აობებს, და ვუფრთხი გრძელი სიყვარულის გამოცდილ რვეულს - განმეორებულ საღამოთა ნაცნობ ჭაობებს. თითქოს მძინარე მდინარეა გზა შენს სახლამდე - მთვლემარე წყალში უცნაურად მშრალია ფსკერი და ფარდის დახრის მეშინია ტყვიის დახლამდე და ჭრილობიდან აცლილ ბალახს ლულაში ვტენი. მაგრამ რა ვუყო, დილით სისხლის უცნაურ ხამხამს, თვალებს - სიზმრების ორპირ ქარში დაღლილ დარაბებს, რა ვუყო, წუხელ უნებლიედ მხრის მხარზე გაკვრას, მხრის მხარზე გაკვრას, მოხდილ ბოდიშს და სხვას არაფერს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი