თოვლის სიმღერა


შენ ძლიერ გიყვარს იისფერ თოვლის კალოშებიდან გამობერტყვა,
როცა ღამეა,
როცა მე მძინავს და შენ იწყებ ფრთხილ ჩურჩულს ღმერთთან:
,,ღმერთო ხმა თუ არ, ფიქრში ფიქრი მაინც გამეცი!"
და ღმერთი ფრთხილობს, ღმერთმა იცის კაცთან ლაპარაკს,
ხანდახან მოსდევს კაცის ზურგზე უცები ფრთები
და კაცმა იცის უცხო გზებზე ფრთებით გაპარვა
და მერე ფრთები მიუჩვევი სიცხისგან დნება.
და ამიტომაც ღმერთი გინდობს, ღმერთი ჩუმია,
შენ აშრობ კალოშს და უღმერთოდ გაყინულ ღამით,
როგორც დამხრჩვალი ოცნებების თბილი მუმია,
გვერდით მიწვები, ფეხებს მითბობ და ღიმილს გალობ.
ბნელა - მე ვხედავ და მე მესმის ღიმილის ხმები,
ვთბები და მხოლოდ გვიან ვხვდები, რარიგ ძნელია,
როცა ძარღვებში გადაღლილი სისხლი უხმებათ,
ფიქრი უხმებათ და სიტყვები სულ სხვას მღერიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი