მეორე თოვლის სიმღერა


ზურაბ კიკნაძეს

ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს.
ვერ მივაღწევთ ზენ ბაცალიგოს.
ბაცალიგოს, სადაც ღმერთები ცხოვრობენ
ან ადამიანები, რომლებიც ღმერთების ღმერთები არიან.
დიდი თოვლია გზაზე -
კაცს ფეხის წვერზე დამდგარ ფიქრამდეც მიწვდება - იმხელა.
ვერ ვივლით.
უნდა გავჩერდეთ.
ჩვენ რომ გავჩერდებით.
მთვარეც გაჩერდება,
ვარსკვლავებიც გაჩერდებიან.
ჩვენ რომ გავჩერდებით,
დედამიწაც გაჩერდება.
ყველაფერი ადამიანს დაყვება
რადგან - 
როცა ადამიანი მიდის, სამყაროც მოძრაობს,
როცა ადამიანი ჩერდება,
სამყაროს ძარღვებში ქარი ეყინება.
ქვეყანა ჩალითაა დახურული.
ასე იყო ოდითგან. 
ასეა ახლაც.
ჩალით გადახურულ ქვეყანას ცეცხლი იოლად ეკიდება,
იოლად იწვის მისი სახურავი -
ადამიანები ასე თბებიან.
ასე იყო ოდითგან.
ასეა ახლაც.
ხანდახან სიყვარული მტერს ჰგავს.
მდინარესთან უნდა დაჯდე, დაელოდო
და მდინარე მტრის გვამივით ჩამოატარებს.
მაგრამ სადღა არიან მდინარეები.
ყველა გაიყინა.
ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს.
ზენ ბაცალიგოს.
იქ სადაც ადამიანი მხოლოდ ზამთარია -
არც ზაფხულია, არც გაზაფხული, არც შემოდგომა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი