უკვდავების სიმღერა
ჩვენ დავიბადეთ შუა თებერვლის მზის დაბრეცისას, როცა ცაზე ღრუბელია და ღორის სისხლზე დაქცეული არყის სუნით საღამოვდება. ჩვენ დავიბადეთ იქ, სადაც ადამიანები უცნაური ყვავილებივით ამოდიან მშობლების ოფლიდან და პირველივე ქარი, როგორც სარეველებს, ისევ ოფლში აწვენს პირქვე. ჩვენი სახლის შესასვლეთან ეკიდა თოკი, თოკზე ხაჭო იწრიტებოდა და ხანდახან თავსაც იხრჩობდნენ. ჩვენ დავიბადეთ ცალ-ცალკე და მაინც ერთად, რადგან ჭიპლართან ერთად ჟანგიანი მაკრატლებით ფრთები მოგვაჭრეს - არაფერია მოჭრილ ფრთებზე უფრო მძიმე, თუნდაც ზურგზე ამ სამყაროს მთები გეკიდოს. ამიტომაც მოხრილები დავიბადეთ და გავიზარდეთ და მიწაზე მუდამ თვალებს ვადგამთ ყავარჯნად. ოთახში იდგა გარდაცვლილი ტელევიზორი და ეკრანზე, მონაცრისფრო სიმრუდეში ვირეკლებოდით: პირში დამწვარი ხაჭაპურით და ჯიბეში ნაკლეიკებით, ხელში ჩანთით და იმ ჩანთაში სიცარიელით, რომელსაც თითქოს წიგნები ერქვა. ამ წიგნებში ეწერა წარსული, რომელიც არც აწმყოს ჰგავდა და მით უფრო, უცნობ მომავალს. ამიტომაც ცარიელი იყო ეს წიგნები, ცარიელი იყო ჩანთაც და ძალიან, ძალიან მძიმე. იმ მოჭრილი, თხელი ფრთებივით. მეზობლად გვყავდა მოხუცი ქალი, ნესტიანი ხალათის სუნით, ბაცი თმისარჭით და ვრცელი ვარცლით, სადაც 40 წლის წინ დაკარგული ქმრის ტანსაცმელს, ყოველკვირა, ჩუმად რეცხავდა. ამ ქალისგან გადმოგვედო უიმედო ლოდინის გრიპი. ჩვენ მოლოდინის თაობა ვართ და ამ ლოდინს ყოველკვირა ვრეცხავთ და ვაშრობთ. და ლოდინი არც ძველდება და არც მთავრდება. ჩვენ დავიბადეთ და კედელზე ჩვენს ჩრდილებს გვავართ, ლამფის შუქზე რომ იწელება, იწელება და სადღაც წყდება, როცა ბავშვი ვართ და ზეპირი შეღამებიასას, მოღლილ ოთახში, უფროსების გასახარად, საკუთარ თავს ასე ვაჯავრებთ. ჩვენ დავიბადეთ და არასდროს აღარ მოვკვდებით - რადგან ასეთი დაბადება სიკვდილისგან დიდად შორსაა - ჯერ სიცოცხლემდეც არ მივსულვართ და არვინ იცის, მივალთ თუ არა. უკვდავებისთვის ღირდა ჩვენი დაბადება - გაუსაძლისი და ძვირფასი უკდავებისთვის. უკვდავებისთვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი