გამონაცვლის სიმღერა
მე ვიწექი გამონაცვალ თეთრეულში. ვიწექი მეზობლის გამონაცვალი სიცხით, რომელსაც ცოტა წავუმატე - 38.5 ბიძაშვილის გამონაცვალი მაისურით, რომელსაც ცოტა დედაჩემმა წაუმატა - სახელოებზე. დილით ვდგებოდი და ვიცვამდი ვიღაცის გამონაცვალ შარვალს და ვსვამდი რძეს და მეოთხე დღეს მივდიოდი სკოლაში გამონაცვალი ჩანთით და ჩანთაში გამონაცვალი წიგნებით და გზაზე მოდიოდნენ ჩემი სკოლელები და მათაც ეცვათ გამონაცვალი და გვხვდებოდნენ მასწავლებლები გამონაცვალი პიჯაკებით და გამონაცვალი სახეებით და ცაზე მზეც თითქოს გამონაცვალი ეკიდა. არაფერი იყო ახალი, გარდა მთვარისა, ისიც წელიწადში რამდენჯერმე მოდიოდა, მაშინ, როცა გვეძინა და ძილში ცხადის გამონაცვალ სიზმრებს ვხედავით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი