ყეფის სიმღერა


სადაც მივდივარ,
შეღამებიდან ხუთ ნაბიჯზე აუცილებლად ყეფენ ძაღლები
და ძაღლები ყეფენ ერთნაირად
ოზურგეთში, ნიუ-იორკში და ბეიჯინგის გარეუბანში,
აფრიკაში და ნატანების რკინიგზის სადგურზე,
სურებში და ახალქალაქის სასტუმროსთან,
პარიზში და ორჭოსანის გადასახვევთან.
ეს ხმა ყველაზე დიდი და ზუსტი ხმაა,
ყველაზე გრძელი და მარადიული.
ძაღლები ყეფენ ერთნაირად და მახსენებენ
დღეს, როცა მამამ გამაღვიძა და მითხრა, რომ მამიდაჩემი
გარდაიცვალა და რომ არ შევშინდე, მეზობელთან უნდა დავიძინო.
მაშინაც ისე ყეფდა ძაღლი,
როგორც მერეც, ხუთი წლის მერე, საკუთარ თავს რომ ვუყურებდი ლამფის ბაც შუქზე,
ძველ გრაფინზე მიყუდებულ დაღლილ სარკეში
და მუწუკების მრცხვენოდა
და ხუთი წლის მერე, როცა ფანჯრიდან გადმოხტომა მინდოდა 
და ვერ გადმოვხტი, შემეშინდა და ჩემს ნაცვლად, 
უარნათქვამი სიყვარული გადმოვაგდე
და ხუთი წლის მერეც, 
როცა რომელიღაც კურსელთან დავთვერი 
და გამეღვიძა და ყველაფერი უცნობი იყო, მხოლოდ ძაღლის ყეფა მოისმოდა
ნაცნობი და ძალიან ახლო.
ძაღლები ყეფენ, როცა სიხარულს ისე ვსწავლობ, როგორც სიარულს პატარა ბავშვი, 
მეასედ ვსწავლობ და მეასედ, სადღაც მთავრდება ეს კედელი, ცოცვა-ცოცვით რომ მივყვები
და მე ვეცემი და სიხარული მავიწყდება.
ძაღლები ყეფდნენ ერთნაირად, როცა ჩემი სხეული 
ათას სხეულთან მეგობრობდა
და მაშინაც ზუსტად ისე ყეფენ, როცა ერთი ქალი ვიცანი.
კი, ასეა,
ადამიანები სხვადასხვანაირად ყეფენ,
ძაღლები ერთნაირად.
ეს ყეფაა ერთადერთი ძაფი, რაც ამ ბინძური და ნათელი დედამიწის
სხვადასხვა კუთხეს, 
სხვადასხვა დროს 
და სხვადასხვა ფიქრს აერთიანებს.
ეს ყეფაა ერთადერთი და მთავარი ხმა,
სადაც მივდივართ -
სხვა დანარჩენი ამ ხმის ფონია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი