თამარა ნათლია
თამარა ნათლია შარაგზიდან, სოფლის ლამის დასაწყისშივე, ხელმარჯვნივ, ბოგირს რომ გადახვალ, ორღობეს უნდა გაუყვე ჩემს სახლამდე მისასვლელად. შევუდგები თუ არა ამ გზას, უცებ ცოცხლდება ჭალებსჩამოცბული ჯაგის კონებისგან კოხტად აგებული ძველი ორღობე, ზედ გადმოსული გოგრის ბარდებითა და ხის ჭიშკრებით დამშვენებული. ჩემს პატარა უბნამდე, სადაც სულ ოთხი, ახლო საბიძაშვილო კომლი ვიყავით,ერთი მოკლე ორღობე კიდევ უნდა აგევლო,, მაგრამ გზას თუ გააგრძელებდი, სოფლის ბოლოს გაჰყვებოდი, საიდანაც უკვე მთელი სამყარო იწყებოდა. შინიდან გამოპარულები, აქამდე თუ ჩამოვაღწევდით, მე და ჩემი ბიძაშვილი, თამაზი, მერე, გვიან საღამომდე აღარავინ იყო ჩვენი პატრონი. ან ივრის ჭალაში გავუტევდით, ან ფშაზე, ან მზესუმზირის ყანებს ვეწვეოდით, ყანდაურის სანახებში. სულაც, დავადებდით თავს, გადავივლიდით ავაზნის გორას, გულს ვიჯერებდით ცივი tუმცა ოდნავ მომლაშო წყაროთი, რაც, ყავრიაანთ, მართლაც გემრიელ წყალზე მისასვლელად გვყოფნიდა და ჩაილურში გადავდიოდით, სადაც ძველისძველი ვენახები გვქონდა, ჩვენი დიდი პაპის, ალექსის დანატოვარი, ჩერქეზიშვილებისგან რომ ერგო, როგორც მის ერთგულ მოურავს და მის შთამომავლობას გვქონდა განაწილებული. ხალხით სავსე იყო ჩვენი ორღობე, რომელიც მაშინ ძალიან გრძელი მეგონა. არადა, სადამდეც თვალი უწევდა, ახლა რომ ვუყურებ, სულ სამასიოდე მეტრი იქნებოდა. მერე გზა გადაიბექებდა, გაიმინდვრებდა, სოფელი მარცხნივ რჩებოდა, მარცხნივ კი კოლექტივის ყანა ბიბინებდა, რომლის ფერადოვნებაში ამოზრდილ საბადურის გორაზე, სოფლის სასაფლაო მდუმარებდა. დღეს, ჩემი ბავშვობის სოფელი, მთლიანად აქ გადმობარგებულა. ძალიან მიყვარს ჩვენს სამსაუკუნოვან სასაფლაოზე ხეტიალი. ნატიფად თლილ ქვებზე დახავსებული ლამაზქართული ასოებითა თუ მერე, მოდაში შემოსული სურათებით, მეხმიანებიან თანასოფლელები და მიდასტურებენ, რომ ისინი მართლა არსებობდნენ და ყველაფერი, რაც ბავშვობაში მინახავს და გამიგია, ზმანება კი არა, სინამდვილე იყო. არ ვიცი, შევძლებ თუ არა, ოდესმე გავიხსენო ეს საოცარი ადამიანები, მაგრამ ახლა უთუოდ გიამბობთ თამარა ნათლიაზე, ჩვენი უბნის მშვენებაზე, სოფლისა და ქვეყნის სასახელო ქალზე, არავინ რომ არ იცის და არც გაუგიათ მისი სახელი. ტანიანი, პირმრგვალი, ხორბლისფერი და ლოყებწითელა, ძალიან ლამაზი ქალი იყო თამარა ნათლია. მაშინდელი სოფლის ქალებისა არ იყოს, სულ შებურული დადიოდა და მხოლოდ ზოგჯერ თუ მოკრავდით თვალს წვრილკოპლებიანი თავშლიდან გამოქცეულ მის წაბლისფერ, მსხვილ ნაწნავს, მერე და მერე ჭაღარა რომ ემატებოდა. მოდიოდა გზაზე, შვინდის გრძელი წკეპლით ერეკებოდა გზააბნეულ წიწილასა თუ ჭუკს, უგურგურებდა და მოჰქონდა ქუჩაც... უთუოდ მოგეფერებოდა, დაიხრებოდა, ჩაგიხუტებდა, მოგიკითხავდა, მოგაფრქვევდა ხორბლისა თუ ხილის სურნელს... ყველა პატივს სცემდა, დიდი თუ პატარა, ყველა კრძალვითა და რიდით ხვდებოდა. ის რომ გარეთ იყო, წყდებოდა ჩვენი წივილ-კივილი და ხორხოცი, უფრო მორიდებული და ზრდილები ვხდებოდით. ქვრივი იყო, შვილები არ ჰყავდა, მხოლოდ ძმისშვილი თუ აკითხავდა, ნატაშა, ისიც ულამაზესი ქალი. ქალს რომ ვამბობ, ალბათ 15-16 წლის თუ იქნებოდა, თეთრი, ნუშის ყვავილივით აფეთქებული... სამი დედა ცხვარი ჰყავდა თამარა ნათლიას, თავისავით დიდები, სუფთები, ქათქათები, ფუმფულამატყლიანები. გაუშვებდა დილით საბალახოდ და საღამოთი თავად ბრუნდებოდნენ. ტურა-მგელი როგორ არ ხვდებოდათ, მაგრამ ვისი ხართ ცხვრებოო, რომ ჰკითხავდნენ და თამარასიო, გაიგებდნენ, მაშინვე თავს ანებებდნენ, თამარა ჩვენგან წყენას არ იმსახურებსო. ჰყავდა ქათამი, , ინდაური, ჰქონდა გამართული პატარა ვენახი და ბაღ-ბოსტანი. რაც მთავარია, ჰყავდა აბრეშუმის ჭია, რომელთა ლასტებს, სახლის მთელი პირველი სართული ეკავა. ახლა რომ წარმომიდგება ხოლმე თამარა ნათლია, სწორედ თუთის ნორჩი ყლორტებით ამოიღლიავებული მოუყვება სოფლის ძველ ორღობეს. - ბებო, რატომ ჰქვია, თამარა ნათლია? - ვკითხე ერთხელ ბე ბიაჩემს, თონის პირას, ვარცლში საპურე ცომს რომ ზელდა. - მთელი სოფელი მაგისი მონათლულია და, იმიტომ. - მიპასუხა ტკბილი ღიმილით და ხელების წმენდას შეუდგა. ჯერ ასტამით აიფხიკა ღონიერი თითებიდან ცომი და შემოსეულ ინდაურებს დაუყარა,, მერე ცომს ტილო და ზევიდან ჭრელი შალი გადაახურა და შინ შებრუნდა. იტყვით, მარტო თუ იყო, რად უნდოდა ეს ქონებაო, მაგრამ როცა გაიგებთ, რომ ლამის მთელი უბნის გაჭირვებულებს ის მოიკითხავდა ხოლმე, როცა სოფლის ბავშვებს, დღე არ გავიდოდა, მისგან რაიმე რომ არ რგებოდა, პასუხიც აღარ დაგჭირდებათ. ჩვენთანაც ხშირად მოსულა. ბებიაჩემი ერთადერთი იყო, ვისაც ის დიდ ანგარიშს უწევდა. -როგორა ხარ, კვეზერლიანთ ქალო, - მოიკითხავდა. დიდი ხელებით, დიდი ჯიბეებიდან დიდ, ჭრელ კვერცხებს ამოაწყობდა და დიდ ჯამს გაავსებდა. ქათმები როგორ არ გვყავდა, მაგრამ ისინი ამხელა კვერცხებს არასოდეს დებდნენ. - რატომ იყო მთელი სოფელი მაგის მონათლული? - გავუგრძელე საუბარი ბებიას, თონე რომ გაანელა და ცომის გუნდების ამოღება დაიწყო. - იმიტომ, შვილო, რომ, მთავრობის შიშით, ადრე, ვერავინ ბედავდა ბავშვების მონათვლას. მღვდელს რომც ჩამოევლო, ნათლიას ვერ იპოვიდი. ისევ თვითონ მღვდელი თუ მონათლავდა ხოლმე. თამარას კი არ ეშინოდა, ყველას ეგ ნათლავდა, მოვიდნენ ერთი, რა უნდა მიყონო, იტყოდა ხოლმე. მარტო ბალღებს კი არა დიდებსაც ნათლავდა ეგ მადლიანი, ამიტომაც დაერქვა ეს სახელი თამარა ნათლია ოქრომჭედლიშვილი იყო. ეს გვარი ჩვენს გვართან დღესაც ნათელ- მირონობით არის დაკავშირებული და ამის სათავეებთან სწორედ თამარა ნათლია იდგა. ერთხელ მე და თამარა ნათლია, მის გამოსავალში, ძელსკამზე ვისხედით და ვსაუბრობდით. როგორც დიდ კაცს, ისე მეკითხებოდა ქალაქის ამბებს, თუმცა ყველააფერი ძალიან კარგად იცოდა, რადგან ყველა გაზეთი ჰქონდა გამოწერილი და არც კითხვა ეზარებოდა. ერთმა ავყია კაცმა გამოიარა, ღვინით გამაძღარს რომ იტყოდნენ, ისეთმა. წამით შეჩერდა, შეგვათვალიერა და წამოროხა, თამარ, ბუღა არ გენატრებაო და ბარბაცით გააგრძელა გზა. ვერაფერს მივხვდი, მაშინ. თამარა ნათლია კი გაშრა, გაფითრდა, ტუჩები აუკანკალდა, გაშლილი ხელები მუხლებზე დაირტყა, თითქოს ამით თავი დაიმშვიდაო. ჩემს ბედად, კვირა არც იყო ამ ამბიდან გასული, ჩემმა გარე ბიძამ ამ ავყიას ისეთი მოსდო, მას მერე არც იმისი ხმა გაუგია ვინმეს და არც კაცად ჩაუთვლია. ათი წლის ვიყავი იმ ცხელ აგვისტოს, როცა თამარა ნათლიას კივილმა გამოაფხიზლა დასიცხული უბანი. მეც სხვებთან ერთად გავიქეცი მისი სახლისკენ. ქალს ცრემლი ღვარად სდიოდა გაზეთი „კომუნისტი“ შეემართა და მოსთქვამდა, ლეონიძე მომკვდარა, ხალხო, გოგლა აღარ გვყავს, საქართველო დაობლდაო... აქეთ მე ავღრიალდი, რადგან გოგლა ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდა და მის მუხლზე მდგარს, მისივე ლექსებიც მქონდა წაკითხული. დაობლდა საქართველოოო! დღესაც არ ვიცი, რამ ათქმევინა ეს მართალი სიტყვა. *** მოვიდა დრო და თამარა ნათლიაც დაემშვიდობა წუთისოფელს. დაყრუვდა მისი კარ-მიდამო. იქით გახედვაც მიჭირდა, მაგრამ, როცა გავიგე, რომ სახლი გაყიდულა და იგი ჩემს მეგობარს და კოლეგას, ნანა ჯაფარიძეს შეუძენია, უზომოდ გავიხარე. კიდევ ერთხელ ვეწვიე ამ სახლს. ამ მძიმე აღდგომის დღეების მადლი არ მოჰკლებოდეს გმირ ქალს, თამარა ნათლიას და ჩემს ნანას, ასე ადრე რომ გადაწყვიტა ზეცად ასვლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი