ბებიას ნაამბობიდან
ბებიას ნაამბობიდან ოცდაჩვიდმეტში, ქიტა რომ დახვრიტეს, მთლად უსახსროდ დავრჩი, წვრილშვილის ამარა. ყველამ ზურგი გვაქცია, როგორც ხალხის მტრის ოჯახს. არადა, ქიტა კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო და ხალხზე გადამკვდარი.... ჩემნაირი ბაღ- ბოსტანი არავის ჰქონდა,მყავდა კრუხ-წიწილა, ღორი, ძროხა. როცა უშიშროების ჯარისკაცებს ბორკილდადებული ქიტა ეზოდან გაჰყავდათ, მომაძახა, ქეთო, ძროხა ჩემ დას ჩაუყვანე ქალაქში, ის უნდილია, ვერაფერს მოახერხებს, შენი იმედი კი მაქვს, ოჯახს არაფერს გაუჭირვებო. არადა, სონას ერთი შვილი ჰყავდა და მე -ოთხი. მეორე დღესვე გავატანე ჩემს მაზლს ძროხა. ქიტასგან საწყენი არაფერი მახსოვს, მაგრამ ეს ვერ მიპატიებია... საჭმელი კარგი, მაგრამ ჩასაცმელი ხომ უნდოდათ ბავშვებს? რკინიგზა ახალი გაყვანილი იყო კახეთში და ხალხი ვაჭრობდა რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ ერთიბეწო ნაკვეთიდან რა უნდა მომეყვანა იმდენი, გასაყიდად რომ მომრჩენოდა? ერთი მსხალპანტა გვედგა, ისე აყვავდებოდა ხოლმე მისი ყურებით ვერ გაძღებოდი, მაგრამ რად გინდა, ვერ ირჩენდა. ერთი-ორ ნაყოფს თუ მოიბამდა. რამდენჯერ დაუპირა ქიტამ მოჭრა, მაგრამ ვერ იმეტებდა, ისეთი ლამაზი იყო. იმ გაზაფხულზე, ძირში, ნერგი მიურგა, წელსაც დავაცდი და თუ არაფერია, მოვჭრიო. მოკლედ აყვავდა მსხალპანტა და გაალამაზა იქაურობა. სოფლის გზიდანვე ჩანდა იმისი მშვენიერება. ნაყოფს არც ველოდები, ხელჩაქნეული ვარ, მაგრამ მოხდა საოცრება და იმდენი დაისხა, არც კი დაიჯერებ. იმ გაზაფხულზე ლამის ყოველდღე ვეზიდებოდი ბაზარში მსხალს და ვერ გამოვლიე. მთელი უბანი ხომ მის ნაყოფს ჭამდა. შევმოსე ბალღები და სარჩოც გავიჩინე. მას შემდეგ მუდამ ასე ხვავრიელად ისხამდა და ოჯახს ინახავდა. ეს მსხალპანტა მეც კარგად მახსოვს, მახსოვს მისი განუმეორებელი გემოც . რამდენჯერმე გადაბელეს და გააახლეს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. როცა მამაჩემმა სახლის აშენება დაიწყო, ხე მოჭრეს, მაგრამ დაგვრჩა მისგან გამოთლილი ფანდური, რომელიც ახლაც ჩებს ოთახში დევს და თუმც დაკვრა არ იციან, ჩემი შვილიშვილები ხშირად აჟღარუნებენ რაღაც უცხო, სევდიან მელოდიებს..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ani.atanezovi.1@iliauni.edu.ge