ჩითის პერანგები
ჩითის პერანგები ვიდრე ვასილა ძიას კოხტა მესერის ჩრდილი ორღობეს არ გადაჭრიდა და ჩვენი ვენახის მავთულბადის ღობის ძირს არ მიაღწევდა, მე და თამაზის სასტიკად გვქონდა აკრძალული ჩვენი საბიძაშვილო უბნის დატოვება. მზე დაგკრავთ, მზე ჩაგივარდებათ თავშიო, გვაშინებდნენ. ვერ ვხვდებოდით, რა, ან როგორ უნდა დაეკრა მზეს, ანდა, მითუფრო, როგორ უნდა ჩაგვარდნოდა თავში, მაგრამ ეს ისეთი მკაცრი შეზღუდვა იყო, გასაჩივრებლად არ ღირდა და არც ახსნას ექვემდებარებოდა. დილიდან ათჯერ მაინც ვზვერავდით ორღობეს, ჩრდილი არ გაგვეპაროს და არ დაგვაკლდეს ბედნიერი წუთები ამ ორღობის იქით რომ მიწიკწიკებს უჩვენოდ და ჩვენ კი აქ, საკუთარ ეზოებსა და გამოსავლებში თამაშს ვჯერდებით, ჭყინტ და მჩხავანა გოგო-ბიჭებთან. მე და თამაზი მაინც ვახერხებდით განაპირებას და ხან შურდულებს ვაკეთებდით, რეზინის კი არა, მსხვილი ბაწრით ვწნავდით, ან ქალებს ვაქსოვინებდით ფერადოვანი ძაფებით. ჩადებ მსხვილ კენჭს, ლამის ქვას, დაატრიალებ და იმსიშორეს გაისვრი, თვალს ვერ გაუწვდენ. შურდულის ხმარებაში თამაზს ბადალი არ ჰყავდა. ქვას ხელითაც კარგად ისროდა, რეზინის შურდულითაც და დაწნული შურდულით ხომ ჩემპიონი იქნებოდა, სპორტის ეს სახეობა რომ არსებულიყო... ვთლიდით სხლარტებს. წვრილ ჩიტებს უკვე არ ვერჩოდით, ბდღვნად არ ღირდა, მაგრამ, აი, დაიწყებოდა მკა და შინ რაღა გაგვაჩერებდა, დავყვებოდით კომბაინებს და მისგან წამოფრენილ, სიმსუქნით დამძიმებულ მწყერს, ვუშენდით წვეტიანი წამონაშვერევით დახუნძლილ გათლილ ჯოხს, სხლარტს რომ ვეძახდით. თამაზი ამაშიც მარჯვე იყო და ნადავლი ხშირად იმდენი მოგვქონდა, დიდებიც გემრიელად შეექცეოდნენ. ძალიან გულმოდგინედ და დაუზარლად ვასხამდით ყალიბებში დათვზე სანადიროდ განკუთვნილ თოფის მსხვილ ტყვიას, თუმცა, რამდენადაც მახსოვს, ჩვენს ვრცელ ტყე- ჭალაში დათვი არ იყო და არც ლიტერატურულ თუ ისტორიულ წყაროებში არ ფიქსირდებოდა. მოკლედ, მიადგებოდა თუ არა ჩრდილი ღობის ძირს, ბებიაჩემისა და ქეთო ძალოს აკრძალვა ძალას კარგავდა და ჩვენც უქუდოდ,, ხშირად მოკლე შარვლისა და კეტების ამარა, გავეშვებოდით სოფლიდან. გეგმა, რა თქმა უნდა, გვქონდა, თუმცა, ვითარებიდან გამომდინარე,ხანმოკლე თათბირის შემდეგ, ხშირად ვცვლიდით, ასე, რომ, რომც გვეთქვა, აქა და აქ მივდივართო, მაინც ტყუილი გამოგვივიდოდა. დიახ, ხშირად წელსზევით სულაც შიშვლები ვიყავით, ანდა უსახელო მაისურები გვეცვა, მაგრამ, ამჯერად, მთლად ახალ, ჩითის პერანგებში ვიყავით გამოწყობილები, სოფლის მაღაზიაში რომ გვიყიდეს ქეთო ბებომ და ქეთო ძალომ. -2- ჩემი პერანგი ლურჯი, წვრილი კუბიკებით იყო დამშვენებული, თამაზისა უფრო ღია მწვანე, თითქმის მისი თვალებისფერი იყო. მოკლე სახელოებს თითო სათადარიგო ღილი ამშვენებდა. ასე გამოპრანჭულებმა ჩავუარეთ სასაფლაოს, მერე საბადურის გორას, რომელიც ნახნავში იყო მოყოლილი და გორა აღარც ეთქმოდა, ფერდა უფრო შეეფერებოდა. გადმოცემით,აქ იყო ძველი სამარხები და, მოგვიანებით, ასეც აღმოჩნდა, როცა აკლდამებს მიაკვლიეს, მაგრამ გაცილებით ძველს, ვიდრე მაშინ ჩვენი გონი მისწვდებოდა, ჩავყევით უკვე გადაყვითლებული თავთუხის ყანას. გვესმოდა მწყრის ქვით-ქვითი, აგვიფრინდა კიდეც ერთი-ორი, მაგრამ მათზე ნადირობა ჯერ არ შეიძლებოდა, რადგან ჩოჩრებს ზრდიდნენ. აკი გადაგვიჭრეს კიდეც ბილიკი საოცარი სისწრაფით მორბენალმა ძლივსშებუმბლილი ჩოჩრების რამდენიმე გუნდმა. ბუდეებსაც გადავაწყდით, დაუჩეკელი კვერცხებით სავსეს. ხელის ხლება არ შეიძლება, მეუბნება თამაზი, თუ ადამიანის სუნი აიღო, შეიძლება, დედა სულაც აღარ დაჯდეს კვერცხებზეო. ჩავათავეთ ყანა და ახლა ან ჭალისკენ უნდა წავიდეთ, ანდა, სულაც, რკინიგზის გაუქმებულ სადგურზე, პლატფორმას რომ ვეძახით და სადაც დახუნძლული ჭერმები გვეგულება. უკვე დამწიფდებოდაო, მეუბნება ბიძაშვილი. მაშინ, მზესუმზირასაც ექნება გული. - შევაპარე და თელეთის გორის ძირში, გადაყვითლებული მზესუმზირის ყანებისაკენ გავიშვირე ხელი. ეგ ჯერ ადრეა, მაგრამ, რაღა ადრე, იქნება მართლა ვარგოდეს კიდეც, აგე, არხის პირებზე, მეჩხრად როა, მაგას მართლა ექნება გულიო და ვიცვალეთ გეზი. თელეთის გორის მიდამოები ყანდაურისა იყო და ცოტა თითქოს გვერიდებოდა კიდეც, მაგრამ რომ წარმოვიდგენდით უკვე შეხორბლილი, მსხვილი მზესუმზირის შეყვითლებულ თავებს, რიდიც გვავიწყდებოდა და მეველის შიშიც, ასე ერთგულად რომ იცავდნენ ხალხის დოვლათს, როგორც მაშინ იტყოდნენ... ყანას, კაკაბეთის მხრიდან, რბილი სამანქანო გზა ჩაუყვებოდა, კახეთის გზატკეცილიდან, „ვოლგები“, ‘პობედები“, „მოსკვიჩები“ რომ დაშხუილებდნენ, ახლადგაყვანილი, ჯერ მშრალი , დიდი არხი, ყანდაურის მხარეს კი, თვალსაც ვერ გაუწვდენდი ყვითელ ტევრს, რომელიც თელეთის გორის ძირებამდე აღწევდა. ყველაზე განაპირა მხრიდან, გზისა და არხის შესაყრიდან ვამჯობინეთ ყანაზე თავდასხმა. ნმზესუმზირას მართლაც უკვე ჰქონდა გული და რა გაგვაჩერებდა? თითო თავი არ ვიკმარეთ, სახლამდე არც აგვყვებოდა და უბნის გოგო-ბიჭობა გემოს თუ არ გაუსინჯავდა, ვინ დაიჯერებდა ჩვენი გმირობის ამბავს? ამიტომაც, როგორც თამაზიმ მასწავლა, ჯიბის დანით მოვჭერით ღეროიანი მზესუმზირა და მის ღეროზე ძირში მოჭრილი თავების წამოცმას შევუდექით. ასე თავისუფლად შეგვეძლო ათ-ათი თავის წამოღებაც, თუკი დავძრავდით. ამ საქმეში ვართ გართულები, მეველემ რომ მტაცა ქეჩოში ხელი... მეორე ხელით ცხენის სადავე ეჭირა. წვერგაუპარსავი იყო, გამხდარი, ერთიანად მზისგან გაშავებული და ყავისფერი თვალები ისეთი ავი სიხარულით უელავდა, ვიფიქრე, ამისგან თავს ვერ დავარწევ - მეთქი. -3- თამაზიმ მზესუმსირა მიატოვა და არხისპირამდე გაიქცა. ვინიცობაა გამომეკიდოს, არხს გადავალ და ცხენით ვერ გამომყვებაო. -მაგისგან რა გინდა, ეძახის არხეინად მეველეს, -ეგ ქალაქელია, მე წამოვიყვანე. თუ შნო გაქვს მე დამიჭირე, რაღა მაგას ეცი? მეველემ ყური არ ათხოვა. არ ჩანდა ისეთი სულელი, რომ გავეშვი და თამაზის გადევნებოდა. ვისი ხარო, მკითხა, მაგრამ გაურკვევლად ვუპასუხე, ოჯახი რომ არ შემერცხვინა. ვერც თამაზისგან მიიღო ზუსტი პასუხი. მოკლედ, ასე გადაწყვიტა: გამხადა ახალთახალი პერანგი, ჩემს ბიძაშვილს გასძახა, თუ გინდა კანტორაში არ წავიყვანო, შენც გაიხადე პერანგი და და წადიო. სავაჭრო არ დაგვიტოვა. თამაზიმ გაიხადა პერანგი, ჯაგზე მიაგდო და თავჩაღუნული არხის მეორე მხარეს გადავიდა. მეველემ თამაზის პერანგიც აიღო და მერეღა გამიშვა ხელი. თავად ხურჯინი გაავსო ჩბენი ნაქურდალი მზესუმზირით, ხელი დაგვიქნია და სტვენა-სტვენით შეუყვა ყანდაურის გზას. *** სახლში ვერც უფრო ადრე მივიდოდით, დღის სინათლის შიშით და ვერც უფრო გვიან, სოფელი შეიყრებოდა, ბიჭები დაიკარგნენო. უბნის „ბირჟა“ ჩვეულებისამებრ სავსე იყო. ვინ ლობიოს ამტვრევდა, ვინ თუთას ფურცლავდა, ვინ მატყლსა პენტავდა... ბებია, ჩვეულებისამებრ, მდუმარე ღიმილით საქსოვს ჩაჰყურებდა. ფეხებთან მოუსვენრად დახტოდა ბაწრის გორგალი და საჩემოდ განკუთვნილი წინდა უკვე ყელამდე ამოსულიყო... ბებიამ მხოლოდ წამით შემავლო თვალი. შეშფოთდა, თუმცა არავის შეუმჩნევია. ის იყო ალაყაფში ჩაყოლებული კუტიკარი შევაღე, რომ ქეთო ძალოს აღშფოთებული ხმა მომწვდა, „საროჩკები“ რა უყავით ბიჭოო! ყანდაურაში გავაგზავნეთ! - ნირშეუცვლელად უპასუხა თამაზიმ და, ჩემი არ იყოს, მანაც შინშესვლით უშველა თავს. *** ბებიაჩემი და ქეთო ძალო დილაუთენია დაადგნენ ყანდაურის გზას. ყანდაურა კაკაბეთს ზედ ეკვრის, თუ არ ჩავთვლით ვერხვიანს, რომელიც მუდამ კაკაბეთის უბნად ითვლებოდა, მაგრამ, ერთი ხანობა, საკუთარი კოლმეურნეობა ჩამოაყალიბეს და ზოგჯერ „სეპარატისტულ“ გამოხდომებს ჰქონდა ადგილი. ზედ ეკვრის, ადვილი სათქმელია, მაგრამ საკმაოდ შორია. ორი-სამი საათი უნდოდა ფეხით ყანდაურის კანტორამდე მისვლას. ბებიას ჩემთვის სიტყვაც არ უთქვამს პერანგზე და არც ყანდაურაში წასვლა უხსენებია. დილით, თამაზისგან გავიგე ეს ამბავი. ისიც შევიტყვე, რომ ყანდაურის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, გიგუცა დოდაშვილი, ბებოს დისშვილი ყოფილა და ამ საქმეს წინ არაფერი დაუდგებოდა. -4- ნაშუადღევს დაბრუნდნენ თავმჯდომარის „ვილისით“ და ჩვენი პერანგებიც მოგვიტანეს. თითქოს ცოტა სხვა ფერზე მეჩვენა ჩემი სამოსი, მაგრამ ვინ ჩიოდა, რახან საყვედურებს გადავრჩი. *** ამ ამბიდანკარგა ხანი გავიდა. ალბათ ორ ათეულზე მეტი წელი. პერანგმა მხოლოდ მაშინ გამახსენდა, ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ, მის სკივრს რომ ავხადეთ თავი. კოხტად დაკემსილ- დაუთოვებული შეენახა... დოდაშვილებთან უკვე ხშირად მიწევდა ურთიერთობა, რადგან მანქანა აღარ იყო უცხო ხილი და მეც, ასეთ ძვირფას ადამიანებთან სტუმრობა და ბებოს დასთან შეხვედრა სიხარულს მგვრიდა. ფეფე ძალიან ლამაზი, მხიარული და თბილი ქალი იყო, სულ მეფერებოდა და მეგურგურებოდა. ბებია უფრო თავშეკავებული და სიტყვაძუნწი გახლდათ, ფეფე კი ათას რამეს ჰყვებოდა. და, აი, ერთხელაც, ჩვენი პერანგების ამბავიც გაიხსენა. იმ დღეს, კაკაბეთიდან გამგზავრებული დელეგაცია, თურმე, პირდაპირ კანტორაში მისულა. გიგუცას ძალიან გაჰხარებია და გაჰკვირვებია დეიდას სტუმრობა, მიზეზზეც ბევრი უცინია, ბოდიშებიც უხდია და არც ის დაუმალავს, აქამდე რომ მოეყვანათ ბალღები, ჯარიმას ვერ გადარჩებოდითო. მერე კანტორის ფანჯარასთან მიუყვანია ქალები და ეზოში მოჟრიამულე ბალღებზე მიუთითებია, აბა, გეცნობათ თქვენი ‘საროჩკებიო“? ეცნოთ რომელია. ეზო ტიტლიკანა გოგო-ბიჭებით იყო სავსე, მხოლოდ ორს ეცვა ახალი პერანგი, მეველის შვილებს. მაგ ბალღებს რომ უყურებ, ნახევარი იმ მეველისაა. გაჭირვებით, უდედოდ ზრდის და ეტყობა სულმა წასძლია... ისე ცუდი კაცი არ არის და როგორ დაემართა ესო... გიგუცამ მდივან ქალს უხმო და მეველესთან გაგზავნა დაუპირა, „საროჩკები“ დააბრუნეო. არა, შვილო, მაგ ბალღებს პერანგებს როგორ დავხდი, დაანებე თავი, გაიხარონ. შუადღემდე ფეფესთან ყოფილან, გული უჯერებიათ, მერე, თავმჯდომარის მანქანით გამოუვლიათ მაღაზიაში და ფეფესთან ერთად შეკოწიწებული ფულით, ჩვენთვის პერანგები უყიდიათ. *** ხშირად მიფიქრია, რატომ დაგვიმალეს სიმართლე ჩვენმა ქალებმა, ანდა, როცა ეს ამბავი შევიტყვე, რატომ არ მოვუყევი თამაზის? -5- იქნებ იმიტომ, რომ, უბრალოდ, არ გამახსენდა, ანდა, ვარჩიე, არ შევხებოდი ჩვენს ბავშვობას, სამუდამოდ და მტკიცედ რომ არის აღბეჭდილი გულსა და გონებაში და გადაფასებას არ საჭიროებს... 2020, 22-23 აპრილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
როგორი გულწრფელი ნაწერია, გიორგი!