„ ტურფანი სხედან ჩარდახსა“


„ ტურფანი სხედან ჩარდახსა“

   ყველას მოგვისმენია და მოვხიბლურვართ დიდებული ქართლ-კახური სიმღერით, „ტურფანი სხედან ჩარდახსა““ და, ალბათ უმეტესობა დავფიქრებულვართ, ვინ არიან ეს „ტურფები“ და რატომ იწვევს მათი ქეიფი ასეთ გაკვირვებას, უზომო ტრფიალს და ერთგვარ შურს, რომ თავად მომღერლები სუფრას არ უსხედან და შორიდან გამოხატავენ თავიანთ  გრძნობებს.
    ზოგს უთქვამს, ეგებ, „ტურფაში“ მამრი იგულისხმებაო, მაგრამ, როცა გავიხსენებთ  ლუარსაბის აღშფოთებას და აჯას, დარეჯანისადმი, ტურფა აღარ დამიძახოო, მიხვდებით, რომ მამაკაცი უნდა გამოირიცხოს.
      ეს კითხვა, ახალგაზრდობაში, მეც გამიჩნდა, მაგრამ პასუხს მხოლოდ მაშინ მივაგენი, როდესაც დოკუმენტური ვიდეოფილმების სერიალს, ამჯერად კახეთში, კერძოდ, ქიზიყში ვიღებდი.
    ის იყო, წმინდა ნინოს ტაძრიდან გამოვედი, შევამჩნიე, რომ ცოტა მოშორებით ,კაცები ათუხთუხებულ ქვაბებთან ტრიალებენ, სუფრა კი არ უჩანთ.
     არანაირი დღესასწაული, ადრეშემოდგომის ამ დღეს არ იყო, ამიტომ გამიკვირდა და მზარეულებისკენ გავეშურე, მოთუხთუხე ქვაბებს მაინც გადავიღებ, რა ვიცი, რაში გამომადგება- მეთქი.
     გულთბილად კი მიმიღეს, მაგრამ არ მიმიპატიჟეს, რაღაც უნდილად და უწადინოდ იქცეოდნენ, რაც კახელებისგან ძალიან გამიკვირდა და ცოტათი გავბრაზდი კიდეც.
-	რაშია საქმე, ბიჭებო, სუფრა არ გიჩანთ და ამოდენა ხარჯი ვისთვის გაგიწევიათ? -ვკითხე გაკვირვებულმა.
-	როგო არ გვიჩანს, აბა, ყორის იქით გადაიხედე! - მიპასუხა პირმსუქანმა და ლოყებღაჟღაჟა  ვაჟკაცმა, უშველებელი ქაფქირი მის ხელში კოვზივით რომ მოჩანდა
   დიდი ხანია, წმინდა ნინოს მონასტერში აღარ ვყოფილვარ, ბევრი რამ შეიცვალაო,  მაგრამ მაშინ,ამ მხარეზე, ლამის მთელ სიგრძეზე ქვის ყორე ჩაუყვებოდა, რომლის იქით კერძო ნაკვეთები იყო.
   წავედი,  გადავიხედე ყორეზე და რას ვხედავ, პირდაპირ მოლზე გაუშლიათ ქალებს დიდი სუფრა ხალიჩა-ნოხებზე მოურთხიათ ფეხი და ის იყო, იწყებენ ქეიფს.
   გაკვირვებულმა გამოვხედე მზარეულებს.
-აქმო,  არ დაგინახონ, დღეს მაგათი აყრია! - გამომძახა ჭაღარამოძალებულმა, შუახნის კაცმა, უპეებში ღტმადჩამჯდარი ცისფერი თვალებიტა და მსხვილი, ჭაღარაშერთული წარბებით თავიდანვე რომ მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან ბიზაჩემს მივამგვანე, ფირო ძიას.
       -რაშია საქმე, არ მეტყვით?
        - დღეს მაგათი დღეა, შვილო, ღიმილით დაიწყო ხახვის ჭრით გართულმა, ეტყობა, დიდად გამოცდილმა მზარეულმა, თვალები რომ სულ უცინოდა. - წესი გვაქვს ასეთი, წელიწადში ერთ დღეს ეგენი ქეიფობენ და ქმარ- შვილი ვემსახურებით, კაცები.თურმე, უნდა გავიგოთ რა ძნელია მათი ცხოვრება წელიწადის დანარჩენ დღეებში... დღეს, რასაც მოინდომებენ უსიტყვოდ უნდა შევუსრულოთ, იმის ნებაც არ გვაქვს, რომ შორიდან გავხედოთ ხოლმე  და სიტყვა ვუთხრათ, იმიტომ დასხდნენ მანდა. არც სმა-ჭამის უფლება გვაქვს, ხო ხედავ, არც ღვინო-არაყი გვაქვს და არც თეფში და ჭიქა.
    - რას ამბოპბ, კაცო, მაიტა, გადავუღებ...- მოვუქციე მშობლიურ კახურად.
     - არა, არა, წინ გადამიდგა ჩემი კბილა ბიჭი. - ჯერ ცოტა შათვრნენ, თორე გაბრაზდებიან. მერე, იქნება მეეწონო კიდეც ვინმეს, დღეს არშიყობის უფლებაცა აქვთ!
        და აღიღინდა ჩემს გულში ამოხსნილი სიმღერა, „ტურფანი სხედან ჩარდახსა, არიგებ-
ჩარიგებული, წინ ლურჯი სუფრა უშლიათ, ზედ ღვინო მორიგებული, ბიჭებო, დააა“...
     დიახ, ეს სიმღერა სწორედ ასეთ ქეიფს ასახავს, ქალები ილხენენ, კაცები ემსახურებიან და შორიდან ყლაპავენ ნერწყვს, თან ვითომ დასცინიან, „პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ, სიმღერას არ იტყვიანო, არ ვიცი, ვისა ჰგლოვობენ, არ ვიცი არ იციანო, კაცებო დააა“, თანაც ეტრფიან  კიდეც მოქეიფე გულისსწორებს,  „შენ კი გენაცვალე, შენა, შენმა ცქერამ დამატყვევა“-ო.
      ქალები მალე შეთვრნენ, ხმა ამოიდგეს, აჟრიამულდნენ, ახმაურდნენ, აკისკისდნენ, ჭიქას ჭიქაზე ცლიან და კაცებიც აწვდიან და აწვდიან ხორცით სავსე საინებს და ჯამებს, უვსებენ დოქებს, ასხამენ შამფურზე მწვადს, საგულდაგულოდ რეცხავენ და აპრიალებენ გამოსაცვლელ თეფშებს და თან მეხვეწებიან, არ წახვიდე, ესენი რომ მორჩებიან, დავაბინავებთ და მერე ჩავუსხდეთ ჩვენაო, ან წადი და, სამ-ოთხ საათში მოდი, ოღონდ არ გამტყუნდეო...
        ასეტი ქეიფი, ქალებისა, ორიოდე წლის შემდეგ კიდევ ვნახე, ისევ ბოდბეში,ამჯერად სოფლის განაპირას.
          სხვათა შორის, ეს სიმღერა, სხვა მრავალ ქართლ- კახურ სიმღერასთან ერთად, სწორედ ჩემს სოფელს
ში, კაკაბეთშია აღდგენილი, დიდი ლოტბარის, ვანო მჭედლისვილისა და მიხა ჯიღაურის მიერ, სხვა უნიკალური კაკაბელი მომღერლების მონაწილეობით. კაკაბეთში ლამის საქართველოს ყველა კუთხის ხალხი ცხოვრობს, ვინაიდან აქაური მიწები, მეფე ერეკლემ, თავის რჩეულ მებრძოლებს დაურიგა და ყოველგვარი გადასახადისაგან გაათავისუფლა. მ ბევრი გვარი სწორედ ქიზიყიდან მოსულა, მათ შორის ჩემიც, მოსულან და მოუტანიათ ეს საგანძურიც. 

                                                                         2020 24 აპრილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი